საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფართო სექტორული კვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეფასდება, რომელი სექტორია უფრო მეტად მგრძნობიარე დემპინგის მიმართ.
როგორც BMG-ის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, 10 სექტორია შერჩეული, სადაც შესაძლოა, დემპინგური იმპორტის რისკები იყოს. მისი თქმით, შეფასება სხვადასხვა პარამეტრებით ხდება, მათ შორის, იმპორტირებული პროდუქციის წილით, ადგილობრივი ინდუსტრიის ფინანსური მაჩვენებლებით და ა.შ.
სააგენტოში ამბობენ, რომ შესაბამის კვლევას საზოგადოებას სავარაუდოდ, მაისში წარუდგენენ.
„სექტორული კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. 10 სექტორი გვაქვს შერჩეული, სადაც სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, გვინდა გამოვარკვიოთ ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება დემპინგური იმპორტის რისკები იყოს. მეთოდოლოგიაში განსაზღვრულია ის სექტორები, სადაც მსოფლიოში ზოგადად ბევრი ანტიდემპინგური ღონისძიება განხორციელებულა. ასევე სექტორები, სადაც იმპორტის ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება და ადგილობრივი ინდუსტრიის ფინანსური მაჩვენებლები შედარებით შემცირებულია. ამიტომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 10 სექტორი გვაქვს იდენტიფიცირებული, ერთ-ერთი ფოლადის დარგია, სადაც უკვე დაწყებული გვაქვს შესწავლა. დაახლოებით მაისამდე ამ კვლევას წარვადგენთ. რისკები იმ სექტორებს ეხება, სადაც ჩვენ ადგილობრივი წარმოება გვაქვს და სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმპორტის მაჩვენებელი მზარდია და ადგილობრივი ინდუსტრიის მაჩვენებლები მცირდება. ეს სექტორები შეიძლება იყოს აგრარული მიმართულებები, მსუბუქი ინდუსტრია, კვების პროდუქტების წარმოების მიმართულება, მეტ კონკრეტიკას კვლევის ფარგლებში წარვადგენთ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
რაც შეეხება არმატურის და გლინულას შესაძლო დემპინგურ იმპორტზე მიმდინარე კვლევას, სააგენტოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით პროცესი კვლავ მიმდინარეობს და შესაბამისი შეფასება სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში იქნება მზად.