ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმების კონცეფცია „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ ქალაქის საკრებულოს უკვე წარუდგინა. კონცეფცია ორიენტირებულია ბათუმის განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებაზე: თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე, ასევე მედეგი და უსაფრთხო ქალაქი.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია ტურიზმის განვითარება, რაც ძირითადად გამოწვეულია ქალაქის მდებარეობითა და პოტენციალით.

თუმცა კონცეფციაში აღნიშნულია, რომ გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების ფონზე, ტურიზმის სექტორზე დამოკიდებულება ვერ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას, რის გამოც, საჭიროა ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიცირება.

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ბათუმმა თვალსაჩინო სოციალურ–ეკონომიკური ცვლილებები განიცადა. ეს მისი მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და ეროვნულ საქალაქო იერარქიაში ბათუმის მეორე ადგილზე გადანაცვლებაშიც გამოიხატა.

ქალაქი სულ უფრო მეტად გახდა ტურიზმის ინდუსტრიაზე დამოკიდებული, რაც ამ დარგის მაღალი მოწყვლადობისა და გარე ფაქტორებზე (ომი/შეიარაღებული კონფლიქტი, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი და სხვ.) ძლიერი დამოკიდებულების გამო, ვერ იქნება მიჩნეული მდგრადი და განუხრელი ეკონომიკური განვითარების ერთადერთ გარანტად.

საპროექტო პერიოდის მანძილზე, ბათუმი კვლავაც შეინარჩუნებს და კიდეც განავითარებს თავის ტურისტულ ფუნქციას, მაგრამ ამის პარალელურად და, ხშირად, მასთან უშუალო ბმაში, მნიშვნელოვნად უნდა სრულყოს ან დანერგოს სხვა საქალაქო ფუნქციები, რომელიც ეკონომიკური სფეროს დივერსიფიკაციას, მის ერთ დარგზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბათუმის „მრავალსახოვნებას” შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

უფრო კონკრეტულად, ალტერნატივად მოიაზრება ე.წ ლურჯი ეკონომიკის განვითარება, ეს გულისხმობს ზღვის რესურსების ეფექტურ გამოყენებას ეკონომიკური ზრდის, საარსებო წყაროების გაუმჯობესებასა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა, ახლებურად წარმოაჩინა ეკონომიკის ამ მიმართულების გაძლიერების აუცილებლობად.

„ამ პროცესებს თან ერთვის სულ უფრო მზარდი აქტივობა „გზისა და სარტყლის ინიციატივის” კონტინენტთაშორისი პროგრამის ფარგლებში, რაც მყარად გვაფიქრებინებს, რომ საპროექტო პერიოდში ბათუმის პორტმა უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს არსებული ფორმატი, ტექნოლოგიური განახლებისა და სრულყოფის პირობებში.

საპორტო ფუნქციის გაძლიერებასთან ერთად, „ლურჯი ეკონომიკის“ ეგიდით, ბათუმისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებად მოვიაზრებთ სანაპირო და საზღვაო ტურიზმს, მეთევზეობასა და აკვაკულტურის მეურნეობას, საზღვაო და საკრუიზო გადაზიდვების ინტენსიფიკაციას. ასევე პერსპექტიულად მიგვაჩნია საზღვაო ბიოტექნოლოგიების განვითარება და გემთშეკეთება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, საზღვაო ლოგისტიკასთან ერთად, სახმელეთო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საავტომობილო სატრანზიტო კვანძების გამართვას.

„ჩვენს მიერ შემოთავაზებული ორი მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძი (პოლიცენტრულობის რუკაზე E აღნიშვნით) ითვალისწინებს ბათუმის შემოვლითი გზის კვეთებს დასახლებათშორისი დონის გზებთან ქალაქის საზღვრებში.

ამ ტერიტორიებზე მოაზრებულია ლოგისტიკურ-კომერციული ჰაბების ჩამოყალიბება (იმის მსგავსი, როგორებიცაა გორისა და ქუთაისის მიმდებარედ არსებულ ავტობანების გასწვრივ, კვების, სავაჭრო ობიექტების, ავტომომსახურების, მსუბუქი და სატვირთო მანქანების პარკინგისა და მომსახურების სხვა ობიექტების გათვალისწინებით).

ახალი კვანძების შექმნა მიზანშეწონილია საერთაშორისო ტრანსსაზღვრო (cross-border) თვალსაზრისით ბათუმის საკომუნიკაციო კარიბჭის/ჰაბის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერების უზრუნველსაყოფადაც“, - აღნიშნულია ბათუმის განაშენიანების კონცეფციაში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი