თბილისში, თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ვერეს შორის, გაერთიანება „სამთო ქიმიასა“ და „საქჰიდროენერგომშენის“ მშენებარე სახლის მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

პროექტის დამკვეთი შპს „იქსორი თამარაშვილზეა“, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა 2023 წლის 21 ნოემბერს მისცა, თუმცა სამშენებლო პროექტი არაერთხელ დახარვეზდა და ამ დრომდე განუხილველია.

არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით „იქსორის“ პროექტი მოიცავს 165 მეტრი სიმაღლის, ორ 48 სართულიან შენობას, რომლებიც ერთმანეთთან „გაერთიანებული იქნება პოდიუმით“. გარდა ამისა, პროექტი 7 მიწისქვეშა სართულს მოიცავს, სადაც პარკინგი განთავსდება.

„პროექტის დამკვეთს წარმოადგენს შპს „იქსორი თამარაშვილზე“ რომელსაც დაგეგმილი აქვს, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც  გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სახეობების განვითარება: საცხოვრებელი; საოფისე; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარებას; ასევე საპროექტო არეალის ფარგლებში და მის მიმდებარედ არსებული სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა გაჯანსაღებას; მთელი ტერიტორიის ფარგლებში, გეგმარდება თანამედროვე სტანდარტების მქონე; აქტიური გამოყენების საჯარო სივრცის რეკრეაციული გარემო, რომელიც ინტეგრირებულია ქვეითების გადაადგილებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილთან და სახელდება როგორც შიდა კვარტალური ისე საკარკასო გზებთან არსებული ბუფერული გამწვანებული არეალის, თანამედროვე სტანსარტების მქონე საუბნო და სარაიონო მოხმარების საზოგადოებრივი თავშეყრის საჯარო სივრცედ.

პროექტით იგეგმება ორი ვერტიკალის აშენება რომელიც გაერთიანებული იქნება პოდიუმით, რომელიც ნაწილობრივ გამჭოლია და ერთმანეთთან აკავშირებს თამარაშვილის ქუჩის ძირითად შემომსვლელებს გამწვანებულ ტერიტორიასთან.

პროექტში გათვალისწინებულია: LB 07-LB 02 სართულებზე განთავსებულია ავტოსადგომი, რომელიც გათვალისწინებულია 950 მანქანაზე; LB 01-L 02 სართულებზე განთავსებულია კომერციული ფართები; L 03 სართულზე განთავსებულია აუზი, სპა და სატრენაჟორო დარბაზი; L 04-L 48 სართულებზე განთავსებულია საცხოვრებელი ფართები (ორივე კოშკში)“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გრანდიოზულ მშენებლობას ვერეს ხეობაში მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები წლებია აპროტესტებენ. როგორც წყნეთის ქუჩა 14-ში მცხოვრები 133 მოსახლის მიერ მერიისთვის გაგზავნილ წერილში წერია, პროექტის მასშტაბები მიუღებელია არსებული გარემოსთვის, როგორც კანონმდებლობით დადგენილი (2019 წლის 15 მარტს #39-18 დადგენილებით) ისე ესთეტიკური პარამეტრების თვალსაზრისით.

„...მიუღებელია ხევში მასიური მშენებლობა, იმის მიუხედავად, რომ საპროექტო არეალი მაღალი გეოდინამიკური საფრთხეების ზღვარზე, საშუალო დონეშია, არის მეწყრული საშიშროებები და პირდაპირ მდინარის კალაპოტში დაგეგმილი 7 სართულის სიღრმეზე ჩასვლა წარმოუდგენელი მასშტაბია.

ასევე პროექტით ძირითადი სამშენებლო მოცულობა ინაცვლებს საპროექტო არეალის ცენტრში და შესაბამისად წყნეთის ქუჩა 14 კორპუსს სრულად ეფარება სამხრეთის მხრიდან, ესეც ინსოლაციის პრობლემა.

და ბოლოს - წყნეთის ქუჩა 14 კორპუსს აქვს ავარიული სადარბაზოები; ყველა სადარბაზოს აქვს გადახსნილი სინკარები და მორღვეული საფეხურები, მძიმე ტექნიკის შეყვანისთანავე ჩამოიშლება სადარბაზოები სრულად“, - წერია წერილში.

შპს „იქსორი თამარაშვილზე“ 2017 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ვალერიან კირკიტაძეა, ხოლო მისი მფლობელები შპს „იქსორი“ (80%) და გიორგი ტაბატაძე (20%) არიან. თავის მხრივ შპს „იქსორის“ მფლობელები ვალერიან კირკიტაძე, ლევან ტურძელაძე და ალექსანდრე წულუკიძე არიან.