დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „კომერსანტის“ ეთერში საფინანსო სექტორზე ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის ცვლილების გავლენა შეაფასა და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ იმიჯს გრძელვადიან პერიოდში და აუცილებელია ამის გამოსასწორებლად ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფომ იმუშაონ.

„საფინანსო ინსტიტუტების რყევა და პრობლემების შექმნა, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, იმიტომ, რომ ბიზნესს შეიძლება შეექმნას სხვადასხვა ტიპის შეფერხებები და გაჩნდეს არასტაბილურობა და არასანდოობა კომპანიების მიმართ.

როდესაც ჩვენი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტი ხელოვნურად უშლის ხელს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ეწინააღმდეგება, საკმაოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ხვალ არა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კი. სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი ეროვნულ ბანკს და სახელმწიფოს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.