„რეფინანსირების განაკვეთის დაწევა გვიანი მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომიკური ტრანსფორმაციის  ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ  გერლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრი  ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის დაწევისკენ წლის დასაწყისში მოუწოდებდა.

„რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალი იყო და დღესაც მაღალია, თუმცა ერთიანად მისი დაწევა შესაძლებელი არ არის, ამიტომ ეს ერთი წლის წინ უნდა დაეწყოთ, რომ ერთნიშნა მაჩვენებელზე ნელ-ნელა ჩამოსულიყვნენ.

დღევანდელი გადაწყვეტილება კარგია, რადგან რეფინანსირების მაღალი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკას და მოქალაქეებს აზარალებდა. რეფინანსირების განკვეთის ზრდა ფულზე ხელმისაწვდომობას ზრდის, მაგრამ ის მაინც  კიდევ მაღალია და ნაკლები ეფექტი აქვს. პირობითად რომ ავიღოთ, 5,5%-იდან რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით  შემცირებას იგივე ეფექტი ვერ ექნება, როგორიც 10,5%-თან მიმართებით, რადგან 10,5%-იდან 0,5%- ით ჩამოწევა საკმაოდ მცირე მოცულობაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანაფარდობას თუ რა არის საწყისი და რა რჩება მერე.“ - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

იმისათვის, რომ ეკონომიკამ უკეთესად იმუშაოს, მას სამუშაოდ მეტი ფული უნდა ჰქონდეს, მეორეს მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრი შემცირებით ფულის მასა გაიზრდება და ინფლაციური  ტენდენცია მოჰყვება.

„მე ამ ნაწილს არ ვემხრობი, ეკონომიკის ზრდის პირობებში ეს  ფულის მასა შესაძლოა იყოს გასაქონლებული, შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას უფრო დადებითი ტენდენცია ექნება ვიდრე ნეგატიური, ამას ემატება ის წნეხი, რასაც მოქალაქეები და ბიზნეს სუბიექტები კრედიტორების მხრიდან განიცდიან, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ეს წნეხი შემცირდება და დადებითი ეფექტი ექნება.“ -  აღნიშნა რამაზ  გერლიანმა.

გერლიანმა ლარის კურსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ლარი მკვეთრად მყარდებოდა, შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გაცვლითი კურსის დაფიქსირების წერტილი იქნება, რადგან მკვეთრ და არაპროგნოზირებად გამყარებასაც, ისევე როგორც სწრაფ გაუფასურებას, ცუდი შედეგი აქვს და აზარალებს ეკონომიკას.

„ბოლო პერიოდში ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე დოლარზე მეტი მოთხოვნა ფიქსირდებოდა და შესაბამისად ამ მხრივაც დადებითი ეფექტის მომტანია, თუმცა ის, რომ ამ შემთხვევაში განაკვეთი 0,5%- ით შემცირდა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის მიმართ ჩემი კრიტიკული განწყობისა, ისევე როგორც მაღალი განაკვეთი ცუდია და ვნებს ეკონომიკას, ასევე სწრაფი გადაწყვეტილებები და დიდი ტალღები ვნებს ეკონომიკას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფულის მასის დიდი ტალღა, რამაც შეიძლება ისევე დაგვაზარალოს, როგორც მისი დაწევის შემთხვევაში. ერთი თვე არ არის დიდი პერიოდი რეფინანსირების განაკვეთისთვის და მომავალ თვეშიც თუ ისევ დასწევენ, თუნდაც 0.25 პუნქტით ამან შესაძლოა განაკვეთი ერთნიშნა ნიშნულამდე ჩამოიყვანოს და ვფიქრობ რომ წლის ბოლომდე 7%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, რაც როგორც მოსახლეობას, ასევე ეკონომიკას  წაადგება“ - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

გერლიანის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირებულია, ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტზე ფასების კლებას ექნება ადგილი.

„მე პესიმისტურად ვარ  განწყობილი და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ მიზნობრივ ინფლაციას წლის ბოლომდე დავუბრუნდებით, თუმცა შესაძლებელია, რომ ის  ერთნიშნა ნიშნულამდე ჩამოვიდეს და სწორი  მონეტარული პოლიტიკის  შემთხვევაში წლიური ინფლაციური მაჩვენებელი  5-6% -ის  ფარგლებში შენარჩუნდეს, ქვეყანას ამის  ყველანაირი რესურსი გააჩნია.“ - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.