რამდენი სატვირთო გემი კვეთს ჰორმუზის სრუტეს?
მას შემდეგ, რაც ირანულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკეს, ამ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ლოკაციის გადაკვეთა მხოლოდ მცირე რაოდენობის სატვირთო გემმა და ტანკერმა შეძლო. „ფრანს პრესი“ გთავაზობთ ფაქტებსა და ციფრებს იმ საზღვაო ხომალდების შესახებ, რომლებმაც 167-კილომეტრიანი სრუტე მას შემდეგ გაიარეს, რაც 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების შედეგად, ომი დაიწყო.
ნაოსნობა თითქმის ნულზეა
საზღვაო ნავიგაციის ვებ-გვერდ Lloyd's List-ის მონაცემებით, სრუტეში, ჩვეულებრივ პირობებში, ყოველდღიურად, დაახლოებით 120 გემი გადიოდა. ანალიტიკური ფირმა Kpler-ის ცნობით კი, 1-დან 18 მარტის ჩათვლით, საქონლის გადამზიდავმა გემებმა სრუტე მხოლოდ 105 გადაკვეთეს, რაც ნაოსნობის 95 პროცენტზე მეტით შემცირებას ნიშნავს.
ნავთობისა და გაზის გადამზიდი 60 ტანკერი
Kpler-ის მონაცემების მიხედვით, 105 საზღვაო ხომალდიდან დაახლოებით 60 ნავთობისა და გაზის გადამზიდი ტანკერი იყო. აქედან თითქმის 35 საწვავით იყო დატვირთული. გადაზიდვების სამი მეოთხედი სპარსეთის ყურიდან წამოსული გემების მიერ შესრულდა.
35 სანქცირებული გემი
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, სრუტეში გავლილი გემების დაახლოებით მესამედი აშშ-ის, ევროკავშირის ან დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. 17 მათგანი ირანის დროშის ქვეშ დაცურავდა. სანქცირებული საზღვაო ხომალდების 47 პროცენტს ნავთობისა და გაზის გადამზიდავი ტანკერები შეადგენდნენ.
ნავთობი ჩინეთში
„მორგან ბანკის“ საქონლის ანალიტიკოსი, ნატაშა კანევა, ამ კვირაში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სრუტეში გატარებული ნავთობის უდიდესი ნაწილი აზიაში, ძირითადად კი ჩინეთში მიემართებოდა. ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით ირკვევა, რომ ჩინეთი დღეში მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს იღებს, რაც ომამდელ დონეს (თითქმის 5 მილიონი ბარელი) ბევრად ჩამოუვარდება.
1.3 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი
კანევას თქმით, სრუტეში გატარებული ნავთობის დაფიქსირებული მთლიანი ტრაფიკის 98 პროცენტი ირანული წარმომავლობის იყო, რაც „მარტის დასაწყისში“, დღეში საშუალოდ 1.3 მილიონ ბარელს შეადგენდა. მშვიდობიანობის პერიოდში მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაჰქონდათ.
წყარო: 1 არხი