ჩვენი დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია ენერგიის გარეშე. როდესაც შუქი ინთება, მანქანა გზაზე მოძრაობს ან მობილური ტელეფონი იმუხტება, ეს ყველაფერი ენერგეტიკის შედეგია. თუმცა, ენერგეტიკა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის ნაწილია ის არის ეკონომიკური ზრდის და განვითარების პულსი, რომელიც სამყაროს თანამედროვე სახეს აძლევს. ენერგეტიკა არის სფერო, რომელიც სიცოცხლის ძალას აძლევს ინდუსტრიას, ტრანსპორტს, ტექნოლოგიებს და თვით ჩვენს კომფორტულ ყოველდღიურობას.

ენერგეტიკის განვითარება და განახლებადი ენერგიების ათვისება საქართველოსთვისაც ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. თუმცა განახლებადი ენერგიების განვითარებას საქართველოში გარკვეული დაბრკოლებები მაინც ხვდება, რომლის პირობებშიც გარკვეული ობიექტების მშენებლობა (მაგალითად, ნამახვანჰესი) მთლიანად გაჩერდა, ხოლო ზოგიერთი პროექტის განხორციელება დროში იწელება. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებულობაა, რომლის გამოც, სხვადასხვა რეგიონში მათი მხრიდან ხშირადაა პროტესტი განახლებადი ენერგიების ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით.

სინამდვილეში განახლებადი ენერგიების განვითარება ამა თუ იმ რეგიონში თავად ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა  მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი. ახალი ობიექტების მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობაზე როგორც ირიბ, ისე პირდაპირ დადებით ზეგავლენას ახდენს.  ირიბი დადებითი ზეგავლენა იმაში გამოიხატება, რომ  ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისა და შემდგომში წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება, რაც ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს უზრუნველყოფს. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯიბეში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება პირდაპირ სარგებელს. როგორც ცნობილია, დიდი ენერგოპროექტების განხორციელების დასაწყისში თავად ინვესტორები აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებენ მოსახლეობასთან. აქ იხსნება მოლაპარაკების ფანჯარა ინვესტორებსა და ადგილობრივებს შორის. ამ მოლაპარაკებების შედეგად კომპანიები მოსახლეობას ხშირად სხვადასხვა მცირე ბიზნესებსა და მეწარმეობას უფინანსებენ, ასევე ხშირ შემთხვევაში კომპანია ზეგავლენის არეალში მოქცეულ სოფლებში ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს, რომლის მიზანიც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

კიდევ ერთი პირდაპირი სარგებელი ისიცაა, რომ  განახლებადი ენერგიების პროექტები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ სტიმულს და დასაქმების შესაძლებლობებს ადგილობრივ დონეზე, კერძოდ, ახალი ენერგეტიკული პროექტები მოითხოვს ინჟინრებს, ტექნიკოსებს, მშენებლებს, ოპერატორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.

მნიშვნელოვანი სარგებელი მოსახლეობისთვის თავიანთი საცხოვრებელი გარემოსა და ბუნების დაცვის საკითხიცაა, რომელსაც სწორედ ენერგეტიკული პროექტების განხორციელება უწყობს ხელს. მაგალითად, ჰიდრო, მზისა და ქარის ენერგია არ წარმოქმნის მავნე გამონაბოლქვებს, რაც ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს. გარდა ამისა, რეგიონებში, სადაც შეშა მთავარ ენერგორესურსს წარმოადგენს, ჰიდრო, მზის და ქარის ენერგია ალტერნატიულ გადაწყვეტას შესთავაზებს მოსახლეობას.

კიდევ ერთი ეფექტი, რომელიც განახლებადი ენერგიების პროექტების განხორციელებას მოაქვს რეგიონებისა და სოფლებისთვის ეს ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ბუნებრივია, რომ ახალი ენერგოპროექტების განვითარებას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარების პირობებშიც თავად ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.

ზემოთ აღნიშნული აზრის ნათლად დასადასტურებლად შეგვიძლია წარმატებული საერთაშორისო მაგალითიც მოვიყვანოთ. პორტუგალია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც განახლებადი ენერგიის განვითარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რეგიონების ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა. პორტუგალიაში დიდი ინვესტიციები ჩაიდო ჰესების მშენებლობაში, რაც დაეხმარა ენერგიის სტაბილურ მიწოდებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. გარდა ამისა, 2000-იანი წლებიდან პორტუგალიამ დიდი ქარის სადგურები ააშენა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში. სოფლის მოსახლეობამ მიიღო დამატებითი შემოსავალი მიწის იჯარით, ხოლო ადგილობრივმა ბიზნესებმა უფრო იაფი ენერგია. მზის ელექტროსადგურებმა, განსაკუთრებით ალენტეჟუს რეგიონში, შექმნეს სამუშაო ადგილები, გაზარდეს ადგილობრივი შემოსავალი და შეამცირეს ენერგეტიკული ხარჯები. აქედან გამომდინარე, პორტუგალია არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ჰესების, მზის სადგურებისა და ქარის ენერგიის განვითარებამ არა მხოლოდ ენერგიის წარმოება გააუმჯობესოს, არამედ სოფლის რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობაც გაზარდოს.

საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ განახლებადი ენერგიების პროექტების განხორციელება თავად ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მიზეზი რის გამოც ეს პროცესი საქართველოში ნელი ტემპით მიმდინარეობს - არასაკმარისი ინფორმირებულობაა. როდესაც ვამბობთ, რომ თუნდაც ჰესების მშენებლობა ბუნებას საფრთხეს უქმნის, კარგად დავფიქრდეთ, რატომ ჩადებს ინვესტორი საკუთარ ფულს იმ პროექტში, რომელმაც შეიძლება კატასტროფა განიცადოს? ინვესტორი გარანტიებს ეძებს, სწორედ ამიტომ, სანამ იგი პროექტეს დაიწყებს, მანამდე შესაბამის კვლევებს ატარებს გარემოს ზემოქმედებაზე, რათა ერთის მხრივ არ დააზიანოს გარემო, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს პროექტი.