ავტოსადგურების რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია. 

რეფორმის თანახმადაც, შიდა სამგზავრო გადაყვანა სანებართვო სისტემაში მოექცევა, ავტოსადგურები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

ცვლილების შედეგად, ქვეყანაში იარსებებს საავტომობილო გადაყვანების სფეროში შემდეგი სახის ნებართვები:

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა;
საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. შესაბამისად წესდება შესაბამისი მოსაკრებლებიც.

პროექტის თანახმად,საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა - 500 ლარი ეღირება,  ასევე 500 ლარი იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასიც, თუმცა კანონპროექტით ამ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდია დაწესებული და 2025 წლის 1-ელ მაისამდე ნებართვის აღება - 100 ლარად იქნება შესაძლებელი; 

საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა კი, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი – 1 500 ლარი ეღირება.

„სამგზავრო გადაყვანებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის, „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში (Mobility4Cities)“ ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ, 2021 წელს განხორციელებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების „საქართველოში საქალაქთაშორისო კავშირების გასაძლიერებლად“, მიხედვით ჩართულია 4125 პირი, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში დაახლოებით 4500 (სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით). წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ახალი მეწარმესუბიექტი ერთვება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საქმიანობაში (აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 800 ანებებს თავს აღნიშნულ საქმიანობას). სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით ანალოგიურ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არ ფლობს. შესაბამისად, სავარაუდო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა იქნება:

პირველ წელს: 4 312 500 ლარი. შემდეგ 3 წელს:  500 000 ლარი ყოველწლიურად.

საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვით წლის განმავლობაში სარგებლობს დაახლოებით 700 უცხოელი გადამზიდველი. რაც 700 000 ლარი დამატებითი შემოსავალია წლიურად ბიუჯეტისთვის,“ - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ნებართვის ვადას, პროექტის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 500 ლარის ოდენობის მოსაკრებელს და იღებს 5 წლიან ნებართვას. უცხო ქვეყნის გადამზიდველი ერთჯერადად იხდის 1500 ლარის ოდენობის სანებართვო მოსაკრებელს და იღებს ერთი გადაზიდვის განსახორციელებელ ნებართვას.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ამოქმედება 2024 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.