,,საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ წელს შარშანდელთან შედარებით წისქვილ-კომბინატებში ქართული ხორბლის ჩაბარების მაჩვენებელი ნაკლებია. მისი თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა წვიმიანი ამინდები იყო, რამაც ხორბლის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მოსავლის აღების პროცესი საქართველოში დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება. 

 

,,რა ინფორმაციაც ჩვენ გაგვაჩნია ფერმერებისგან და რასაც ჩვენ ვუყურებთ ჩაბარების მიმართულებით, შარშანდელთან შედარებით ქართული ხორბალი ნაკლები რაოდენობით შემოდის წისქვილ-კომბინატებში. ამას შეიძლება 2 მიზეზი ჰქონდეს. პირველი, ამინდებმა ფაქტობრივად სასურსათო ხორბლის ხარისხი დასწია. შესაბამისად, ხორბლის ნაწილი არასასურსათოში გადავიდა და წისქვილების მოხმარებისთვის არ არის გამოსადეგი. ეს არის უფრო საფურაჟე ხორბალი და მიდის საკვებად მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში.“- აცხადებს ლევან სილაგავა.

,,საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი წისქვილ-კომბინატებში ქართული ხორბლის ჩაბარების დაბალ მაჩვენებელს მეორე მიზეზითაც ხსნის. ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ ფასის ვარდნის გამო ქართველი ფერმერები ხორბალს აბინავებენ და მის რეალიზებას ფასის მატების შემდეგ დაიწყებენ.

,,შეიძლება იყოს ის, რომ ფასის ვარდნა მოხდა. მათ შორის რეგიონალურადაც. რუსეთშიც. ვიცით, რომ შემოვიდა ყაზახეთი და კონკურენცია გაუწია რუსულ ხორბალს. შესაბამისად დღეს ფასები შესაძლებელია არ აწყობდეს ფერმერებს და აქედან გამომდინარე ისინი ფიქრობენ, რომ შეინახონ ხორბალი და დააბინაონ და გაყიდონ იმ პერიოდში, როდესაც ფასი უფრო მაღალი იქნება.“- აცხადებს ლევან სილაგავა.

,,საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ მოსავლის აღების პერიოდში ხორბლის ფასი ყოველთვის იკლებს. ამას პროდუქტის ჭარბი რაოდენობა განაპირობებს.

  

,,ტრადიციულად ასე მუშაობს ბაზარი წლიდან წლამდე, რომ მოსავლის აღების პერიოდში ფასი მოდის ძირს, რადგან ხორბლის მიწოდება არის ჭარბი. მათ შორის რეგიონალურად. მას შემდეგ რაც მოსავლის დაბინავება ხდება სტაბილურდება ფასები და ზევით მიდის სექტემბერ-ოქტომბერში. იქნება თუ არა წელსაც ასე, ეს განსასაზღვრია ინდივიდუალურად კომპანიისა და ფერმერის მიერ. რეალურად, დღეს ისეთი სურათი ჩანს, რომ ქართველი ფერმერები ინახავენ ხორბალს იმისათვის, რომ რეალიზაცია სექტემბერ-ოქტომბერში ან ნოემბერში გააკეთონ.“- აცხადებს ლევან სილაგავა.