"ინდოეთის ბაზარი ძალიან საინტერესო და  დიდი ბაზარია, აღნიშნულ ქვეყანაში  კაკლოვანი კულტურების მოხმარების  ძალიან ზრდადი ტრენდია“ - ამის შესახებ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლევან ქვარიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინდოეთის მოსახლეობა კაკალს და ნუშს ყოველდღიურად მოიხმარს. საკმაოდ დიდი ბაზარია და დიდი პოტენციალი გვაქვს.

ჩვენი პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის კაკლოვანი კულტურები, მეორე მომენტი არის ლოგისტიკა და მიწოდების ვადები. თუ შევადარებთ კალიფორნიას, ჩილეს, გაცილებით მარტივად და მოკლე დროში არის შესაძლებელი ქართული კაკლოვანი კულტურა  ინდოეთის ბაზარზე აღმოჩნდეს “, - აღნიშნავს ლევან ქვარიანი.

მისივე თქმით, ინდოეთს ნუშის მიმართულებით, დიდ მწარმოებლებთან განსაკუთრებული ტარიფი არ აქვს და აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტი მარტივად არის შესაძლებელი.

თუმცა კაკალზე აქვთ საკმაოდ მაღალი ტარიფი. ამის მიუხედავად არსებობს სხვადასხვა გზები, რომლითაც შესაძლებელია, ქართული კაკალი  ინდოეთის ბაზარზე აღმოჩნდეს.  ძირითადად, არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით ხვდება ხოლმე კაკლოვანი კულტურები ინდოეთში. არა მხოლოდ ქართული, იქნება ეს ჩილე თუ კალიფორნია. სამომავლოდ, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება , თუ დაიწყება მთავრობათაშორის მოლაპარაკება და  ტარიფების თემაც გადაიხედება. ჩვენ არ გვაქვს იმხელა მოცულობის კაკლოვანი კულტურა, რომ რაიმე გავლენა მოვახდინოთ ინდოეთის ადგილობრივ წარმოებასთან“, - აცხადებს ლევან ქვარიანი და დასძენს, რომ ბოლო 6-7 თვეა, რაც კაკლისა და ნუშის საერთაშორისო ფასი იზრდება და ექსპორტიც საინტერესო ხდება.

მსოფლიოში დაახლოებით 1 წლის წინ ძალიან დაბალი ფასი იყო როგორც კაკალზე, ისე ნუშზე, რამაც ცოტა იმედგაცრუება გამოიწვია. თუმცა, ბოლო 6-7 თვეა, კაკლის და ნუშის საერთაშორისო ფასი იზრდება, რომელიც საინტერესოს ხდის ქართული პროდუქციის ექსპორტს. რაც შეეხება ინდოეთს, სხვა ქვეყნებთან შედარებით ცოტა მეტს იხდიან“, - აღნიშნავს  ლევან ქვარიანი და დასძენს, რომ დღეს 90-95% ქართული კაკლოვანი კულტურების მარაგები ამოწურულია.