Armenpress-ის ინფორმაციით, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. ახალ მარშრუტს სომეხი მეწარმეები ზემო ლარსის ალტერნატიულ საზღვაო ტრაფიკად განიხილავენ.

გამოცემა წერს, რომ სომხეთიდან რუსეთში ტვირთის გადაზიდვა, ზემო ლარსის გავლით, ხშირად სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ტრანზიტის დროს ადგილი ჰქონდა კვირაობით შეფერხებას, რაც მათ ფინანსურად და დროის თვალსაზრისით აზარალებდა. პასუხისმგებელი ორგანიზაციები კი დიდი ხანია განიხილავდნენ ლარსის ალტერნატივის, კერძოდ, საზღვაო მარშრუტის პოვნას. როგორც Armenpress-ი წერს, ამ პროცესის ორგანიზებისთვის სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ოპერატორად CE&M INTERNATIONAL-ი აირჩია. კომპანიამ ტვირთების გადაზიდვა ნოვოროსიისკი-ბათუმის და ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით აპრილიდან დაიწყო. ტვირთის გადაზიდვა სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე ხორციელდება.

Armenpress-სთან საუბარში SI&M INTERNATIONAL-ის დირექტორმა დავით ილოიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე ორი ტვირთის გადაზიდვა მოხდა.

„დღეს ჩვენს გემს 350 კონტეინერის გადატანა შეუძლია. 18 აპრილს წარმატებით დავასრულეთ პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ყოველკვირეულად 1 რეგულარულ რეისს ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის და უკან. მოთხოვნის პარალელურად, საჭიროებისამებრ, 2-3-ჯერ შევძლებთ ტრაფიკის გაზრდას. ახლა მთავარია, კვირაში ერთხელ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება განხორციელდეს“, - აღნიშნავს დავით ილოიანი.

მისი თქმით, თუ ტვირთის გადაზიდვის ნაწილი საზღვაო გზით განხორციელდება, მაშინ ზემო ლარსზე მანქანების ნაკადიც შემცირდება. შედეგად, ტურისტებს გადაადგილება გაუადვილდებათ.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, დავით ილოიანმა აღნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, მთელი წლის განმავლობაში სტაბილური ფასი შესთავაზონ მომხმარებლებს. ამას გარდა, მთავრობა სატვირთო ტრანსპორტის სუბსიდირებას გეგმავს, რათა მეწარმეებისთვის ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.