საქართველოში სატვირთო გადამზიდავი კომპანიების ნაწილი მოძველებული ავტოპარკით მუშაობს, რაც მათ ევროკავშირის მიმართულებით პირდაპირი გადაზიდვების განხორციელებაში ხელს უშლის. UNDP-ის კვლევის მიხედვით, ბევრი ქართული გადამზიდავი Euro 2 და Euro 3 სტანდარტის სატვირთო ავტომობილებს იყენებს, მაშინ როცა ევროკავშირის ბაზარზე პირდაპირი დაშვებისთვის უფრო თანამედროვე — Euro 5 და Euro 6 სტანდარტის სატვირთოებია საჭირო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ შეზღუდვის გამო ქართველი ექსპორტიორები ევროკავშირის ქვეყნებში ტვირთის საბოლოო მიტანისთვის ხშირად უცხოურ გადამზიდავებს, ძირითადად კი თურქულ კომპანიებს მიმართავენ. თურქულ კომპანიებს შედარებით ახალი ავტოპარკი, უფრო ფართო ქსელი და კონკურენტული ტარიფები აქვთ, რის გამოც მათ ქართულ მარშრუტებზე გადაზიდვების მნიშვნელოვანი წილი დაიკავეს.

ანგარიშის თანახმად, პრობლემა განსაკუთრებით მცირე გადამზიდავებისთვის არის მწვავე. ახალი Euro 6 სტანდარტის სატვირთო ავტომობილების შეძენა ძვირია, ხოლო ადგილობრივი კომპანიებისთვის ავტოპარკის განახლების ხელშემწყობი სპეციალური ფინანსური მექანიზმები და სალიზინგო პროგრამები არ არსებობს. შედეგად, ქართული კომპანიები კონკურენტულ უპირატესობას კარგავენ, ხოლო მოძველებული ავტომობილების ექსპლუატაცია ზრდის საწვავისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს და ქმნის გარემოსდაცვით და უსაფრთხოების პრობლემებსაც.

კვლევა ავტოპარკის განახლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ფინანსური პროგრამის შექმნას გვთავაზობს. რეკომენდაციებს შორისაა დაბალპროცენტიანი ლიზინგი, მიზნობრივი სუბსიდიები და სესხების გარანტიები, რაც მცირე გადამზიდავებს თანამედროვე სატვირთოების შეძენაში დაეხმარება.