ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს იყო გათვალისწინებული, დღემდე გრძელდება. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 2024 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ-სი“ გახდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 13 161 212.46 ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული.

თუმცა, ტენდერის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ცვლილების შემდეგ, დასრულების თარიღად 2027 წლის 31 დეკემბერია მითითებული.

ვადების გარდა შეიცვალა პროექტის ღირებულებაც, ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხად 14 477 333 ლარი განისაზღვრა, რომლიდანაც 89% ანუ 12 951 679 ლარი უკვე გადახდილია.

ცნობისთვის, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.