ფიზიკოსმა დროში მოგზაურობის საკითხი სამი მტკიცებულებით შეაჯამა: თუ სივრცე - დრო სინათლის ფენებად შეიძლება დაიყოს, მაშინ ნებისმიერმა მოგზაურმა ისინი ერთი და იმავე მიმართულებით უნდა გადაკვეთოს; შესაბამისად, მოგზაურობა ვერასდროს ჩაიკეტება ისე, რომ წარსულისკენ დაბრუნდეს.
ბევრ ჩვენგანს უფიქრია: სად წახვიდოდით, დროის მანქანა რომ გქონდეთ?
გაემგზავრებოდით 3000 წელს, რომ გენახათ, რა დაემართა კაცობრიობას? თუ მარტი მაკფლაის მსგავსად ციფერბლატს უკან გადაწევდით და საკუთარი მომავლის საბოტაჟს გარისკავდით? სანამ ჩალაგებას დაიწყებდეთ, ერთ ფიზიკოსს რამდენიმე სიახლე აქვს, რამაც შეიძლება Marvel-ის რამდენიმე ფილმი გააფუჭოს: შეიძლება მხოლოდ ერთი გზა გქონდეთ გასავლელი და ის უკან დაბრუნება არ იქნება.
ჩინეთში, ძინანის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰონშენგ ჟანგმა აჩვენა, რომ თეორიული სამყაროების ფართო კლასში საკუთარ წარსულში მოგზაურობა შეუძლებელია. მთელი ეს არგუმენტი ერთ ფაქტზეა დაფუძნებული: „სინათლე ვერასდროს იქნება მიმართული გვერდულად დროში მოგზაურის მოძრაობის მიმართულებასთან შედარებით“, ამბობს ჟანგი.
წარმოიდგინეთ სივრცე-დრო, დაყოფილი ფენებად, რომლებზეც თავად სინათლეს შეუძლია გადაადგილება. ყველაფერმა, რაც სინათლეზე ნელა მოძრაობს, ეს ზედაპირები ერთი და იგივე მიმართულებით უნდა გადაკვეთოს, ისევე როგორც კიბეზე ასვლა, რომელზედაც ნაბიჯის უკან გადადგმა შეუძლებელია.
თუ მხოლოდ ზემოთ შეგიძლია ასვლა, ვერასდროს დაბრუნდები იმ საფეხურზე, საიდანაც დაიწყე. „ჩემი ნაშრომი უფრო ვიწრო კითხვას სვამს: როდის იძლევა სივრცე-დრო ასეთი მარყუჟის საშუალებას და როდის კრძალავს თავად გეომეტრია?“ - განუცხადა ჟანგმა Euronews Next-ს.
ორი ხვრელი
ფიზიკოსები წარსულში მოგზაურობას „დახურულ დროის მსგავს მრუდებს“ უწოდებენ: სივრცე-დროის მარშრუტები, რომლებიც მარყუჟებით ბრუნდებიან იმ ადგილას და მომენტში, როდესაც დაიწყეს. „წარმოიდგინეთ, რომ გსურთ, ხელი ჩამოართვათ საკუთარ თავს წარსულში, — ამბობს ჟანგი. — ამისთვის საჭირო იქნებოდა სივრცე-დროში ისეთი გზა, რომელიც თავის თავში იკვრება და რომლის გავლისას სინათლის სიჩქარეს არასდროს გადააჭარბებთ“.
აინშტაინის განტოლებები ასეთ ტრაექტორიებს რამდენიმე სცენარში უშვებს — მაგალითად, მბრუნავი შავი ხვრელის ბირთვის სიახლოვეს.
მნიშვნელოვანია, რომ ჟანგის კვლევა, რომელიც რეცენზირებისთვის იქნა წარდგენილი, ასევე ავლენს, თუ როგორ შეუძლია მანქანას დროის გვერდის ავლა და ამისთვის მხოლოდ ორი გზა არსებობს. პირველი — დაგრეხაა. წარმოიდგინეთ სინათლის სხივები, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მოძრაობის ნაცვლად, თოკის ბოჭკოებივით ერთმანეთის გარშემო სპირალურად იხვევიან. როდესაც ეს ხდება, სინათლის სწორი ზედაპირები ვეღარ ყალიბდება; შესაბამისად, აღარ არსებობს კიბე, რომლითაც ზემოთ ასვლას შეძლებდით. აი, რა ხდება მბრუნავი შავი ხვრელის ცენტრთან ახლოს: აინშტაინის თეორიის თანახმად, მბრუნავი მასა თან ითრევს სივრცესა და დროს; შავი ხვრელის ბირთვთან ეს მითრევა იმდენად ძლიერია, რომ „დროში წინ“ მოძრაობა წრედ იკვრება.
მოგზაური, რომელიც ამ წრეს გაჰყვება, დაინახავს, რომ მისი საათი ჩვეულებრივად, წინ მიიწევს, თუმცა მოგზაურობის დასასრულს ის იმავე მომენტში დაბრუნდება, როდესაც გზას დაადგა. 1968 წელს ფიზიკოსმა ბრენდონ კარტერმა აჩვენა, რომ ასეთი მარყუჟები მბრუნავ შავ ხვრელებში არსებობს.
თუმცა, ჟანგი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ „გრეხა“ არ არის პრობლემის მიზეზი. „თავისთავად, გრეხა ჩაკეტილ მრუდს არ ქმნის; ის უბრალოდ ხელს უშლის ჩემს არგუმენტს, — ამბობს ჟანგი. — გრეხა სამყაროში ყველგან გვხვდება და, რამდენადაც ვიცით, სრულიად უვნებელია“.
მეორე საკითხი თავად სამყაროს ფორმას ეხება. შესაძლოა, კიბე იდეალურად იყოს აგებული, თუმცა ისე უვლიდეს შენობას გარშემო, რომ მისი ზედა საფეხური პირდაპირ ქვედა საფეხურს უკავშირდებოდეს — ეშერის ნახატებში გამოსახული „შეუძლებელი კიბეების“ მსგავსად. ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა იაროთ ზემოთ, საბოლოოდ მაინც იმავე წერტილში აღმოჩნდებით, საიდანაც დაიწყეთ. ფიზიკოსების მიერ თეორიულად შემუშავებული დროის მანქანების უმეტესობა — მათ შორის ისეთებიც, რომლებიც „ჭიახვრელებზეა“ (wormholes) დაფუძნებული — სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა. ფიზიკოსები ამ შესაძლებლობას „ტოპოლოგიას“ უწოდებენ და ჟანგი მიიჩნევს, რომ სწორედ მას უნდა მივაქციოთ ყურადღება. „შესაძლებლობა, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს, ტოპოლოგიაა; თანაც, სწორედ ეს არის ის, რაც, როგორც ჩანს, მიზანმიმართული საინჟინრო ჩარევის გარეშე ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმოიქმნას“, — ამბობს ჟანგი.
დანიშნულების ადგილი: ხვალ
ამის საპირისპიროდ, მომავალში მოგზაურობა უკვე კარგად დადასტურებული ფაქტია. აინშტაინმა აჩვენა, რომ ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილება ან ძლიერი გრავიტაციის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იწვევს დროის შენელებას — სხვებთან შედარებით, თქვენი საათი უფრო ნელა მიდის. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი ყოფნის შემდეგ დედამიწაზე ბრუნდებიან, დაახლოებით ხუთი მეათასედი წამით უფრო „ახალგაზრდები“ არიან, ვიდრე იქ რომ არ ყოფილიყვნენ.
ჟანგი ხაზს უსვამს თავისი ნაშრომის შეზღუდულობას. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია“, — ამბობს ჟანგი. თუმცა, ამჯერად, ალბათ სჯობს, ხვალინდელი დღისთვის მოემზადო და არა გუშინდელისთვის... რა თქმა უნდა, თუ „დროის ქვა“ არ გაქვს.