გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გამართულ ღონისძიებას - „კლიმატის ცვლილება და მწვანე გადასვლა: ახალგაზრდების ლიდერობა მდგრადი მომავლისთვის“ დაესწრო.


ნინო თანდილაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში კლიმატის ცვლილების საკითხის  აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევები საჭიროებს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივ, კოორდინირებულ მოქმედებას, სადაც ახალგაზრდების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.  


მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის პოლიტიკას, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებს ეფუძნება.


„დღეს კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტია საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. მხოლოდ სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საზოგადოების კოორდინირებული თანამშრომლობით შევძლებთ ეფექტიანად ვუპასუხოთ თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


ღონისძიების მიზანს კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გამართული ღონისძიება, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და საქართველოში  იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს