„ადგილობრივი რესურსი მინდა იყოს მეტად კონკურენტუნარიანი“, - ამის შესახებ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის  ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, შერჩეული მეთოდოლოგია სწორია და ქვეყნების შერჩევა სწორად მოხდა, თუმცა მისი შეფასებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია რეფერენტული სიის გაფართოებაც.

„საქართველოში ჯიბიდან დანახარჯი ახლა დაახლოებით არის 45%-ია. ანალოგიური სტატისტიკაა მაკედონიაში. ჩვენ ვერ შევედრებით, ვთქვათ, გერმანიას, რომელსაც ჯიბიდან დანახარჯი აქვს 10-ჯერ ნაკლები. ამიტომ, ბულგარეთი, ლატვია, და ჩრდილოეთ მაკედონია, ყველაზე ადეკვატური ქვეყნებია ევროპულ ქვეყნებს შორის. რეფერენტულ სიაში 3500 მედიკამენტის დამატება ცალსახად შეცვლის სურათს და შეიძლება ზოგიერთ მედიკამენტზე უფრო შედეგიანიც იყოს - ერთნაირად არ მოხდება, რადგან მედიკამენტებზე ფასნამატები სხვადასხვაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ფასების პრობლემასთან ჭიდილში არ გაგვეპაროს რომელიმე მედიკამენტის დეფიციტი,“ - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარებაც, რაც მაგალითისთვის თურქეთს, ამ მხრივ, მნიშვნელოვან შედეგებს აძლევს.

„დღეს ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფარმაცევტული ქარხანა. ეს ქარხნები ვითარდება, ამაში ინვესტიციებს დებს. ამ დარგში 25 წელია ვარ და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ჯენერიკული პროდუქცია, ვინაიდან საქართველოში გამკაცრებული რეგულაციები და ხარისხობრივი მოთხოვნები აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე მედიკამენტი, რომლის ხარისხზეც ჩვენ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს საქართველოში მოხვდეს ან მიმოქცევაში იყოს. ამის მაგალითია ის, რომ 79 წარმოებიდან დღეს გვაქვს 3 თუ 4. ხარისხობრივი გადაწყობა, რა თქმა უნდა, რთული პროცესია, მაგრამ რამდენიმე კომპანია არის გადაწყობის პროცესში, ბევრი მოითხოვს ინვესტიციას. რესურსი სახეზეა - ეს კომპანიები აფართოებენ წარმოებას, ასორტიმენტს, გააქვთ ექსპორტზეც - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რომ შიდა კონკურენტული გარემო გაიზარდოს. ადგილობრივი რესურსი მინდა იყოს მეტად კონკურენტუნარიანი“, - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა. 

bp.ge