მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირდა - ამის შესახებ კომპანია Helios Energy-ში აცხადებენ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ BMG-ის განუცხადა, მიზეზი ოქტომბრიდან ნეტო დარიცხვის სისტემის ამოქმედებაა, რომელმაც ნეტო აღრიცხვის მოდელი შეცვალა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობა შეფერხებულია, რადგან ნეტო დარიცხვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები დაბალია. ამასთან, თორნიკე დარჯანიას განცხადებით, ნეტო დარიცხვის სისტემის თანახმად, მომხმარებელი ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის კრედიტად შენახვას ვეღარ შეძლებს, რაც მსგავსი სადგურების მშენებლობას ნაკლებად საინტერესოს ხდის.

“ენერგო-პროს” ქსელში ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2025 წელს დასრულდა და 2026 წელი იქნება "თელასისთვისაც" ბოლო წელი ნეტო-აღრიცხვის რეგულაციისთვის და შემდეგ გადავდივართ ნეტო-დარიცხვის რეგულაციაზე. შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს სამუშაო, რომ ამ მოდელის ფარგლებში მზის ელექტროსადგური და სხვა ტიპის სადგურები გავხადოთ მომგებიანი. ანუ მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურა, ვგულისხმობ მზის ელექტროსადგურს დამაგროვებლებით, რომ ეს იყოს მათთვის მიმზიდველი პირველ რიგში ფინანსურად.

ინტერესი შემცირდა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის შესყიდვას და გაყიდვას. ანუ ერთადერთი შესყიდვის შესაძლებლობა არის, რომ “ენერგო-პრომ” იყიდოს ეს ელექტროენერგია და ტარიფი არის ძალიან დაბალი - 5.5 თეთრი, რომელიც მომხმარებლებისთვის საინტერესო არ არის.

მიკრო-სიმძლავრეებზე მომართვიანობა შემცირებული არის. ჩვენ ოქტომბრიდან მოყოლებული ორი-სამი პროექტი გვაქვს განხორციელებული ნეტო-დარიცხვის სისტემაში, ანუ ამ რეგულაციის ფარგლებში, რაც ჩავთვალოთ რომ არაფერია, იმიტომ რომ ჩვენს კომპანიას დაახლოებით ბაზრის 33% უკავია, ანუ რაც შენდება ბაზარზე, დაახლოებით 33%-ს ჩვენ ვაშენებთ. შესაბამისად ჩავთვალოთ, რომ ბაზარზე მოთხოვნა არ არის.

ისეთი ტიპის მზის ელექტროსადგურები, რომლებსაც ჭარბი გადადინება აქვთ ქსელში, მათთვის ეს მოდელი საინტერესო არ არის. ხოლო ისეთი შემთხვევები გვაქვს ჩვენ, როდესაც მაგალითად მომხმარებელი გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს თვითონ მოიხმარს, ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლება იყოს საინტერესო. ანუ როდესაც საკუთარი მოხმარება აქვს დაახლოებით ნახევარი მაინც და ნახევარს ქსელში ჭარბად უშვებს, ამ შემთხვევაში მუშაობს. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება მეტი საუბარი მომხმარებლებთან, საწარმოებთან, რომ მიუხედავად ამ რეგულაციისა ის მაინც მომგებიანი დარჩება მათთვის.

პირველი გამოწვევა არის ის, რომ დაბალი ტარიფია შესასყიდი და მეორე გამოწვევა არის ის, რომ დამაგროვებელი ბატარეები ჯერ კიდევ ძვირია და მესამე არის ასევე ის ფაქტორი, რომ 100 კილოვატ სიმძლავრეზე მეტის განვითარება უკვე შესაძლებელი აღარ არის და აქედან გამომდინარე ინტერესმა იკლო”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, Helios Energy-ში მიაჩნიათ, რომ ნეტო დარიცხვის სისტემაში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს.

“თუ ტარიფი არ შეიცვლება და ისევ 5.5 დარჩება, მაშინ შესაძლებლობა უნდა გვქონდეს, რომ თავისუფალმა მიმწოდებელმა შეიძინოს [ჭარბი ელექტროენერგია]. ეს ნორმატიულ დონეზე გაწერილია, თუმცა პრაქტიკაში არ მუშაობს. შესაბამისად, ამ კუთხით სამუშაოა სემეკთან ერთად და ამასთანავე ესკოსთანაც, იმიტომ რომ ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვა სხვაგან შევძლოთ. რა თქმა უნდა, სამუშაოა იმ თვალსაზრისით, რომ სიმძლავრე 100 კილოვატი უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ დიდი და საშუალო საწარმოებისთვის ეს მაინცდამაინც საინტერესო არ არის. თუმცა, ვფიქრობ, რომ მაინც ძირითადი პრობლემა ეს არის ტარიფის პრობლემა, რომელიც გასაზრდელია”, - აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში კი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს.

bm.ge