ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა გასული ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ, რომელიც 4 ნოემბერს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
პოლიტიკური შეფასებისგან განსხვავებით, ეკონომიკის მიმართულებით კომისია გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში კი ზრდის ტემპმა 7.9% შეადგინა. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.2%-მდე, სახელმწიფო ვალი კი 34.4%-მდე შემცირდა. კომისიის შეფასებით, მოხმარების ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, რუსეთიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური მიგრანტების დანახარჯებიც უწყობდა ხელს.
თუმცა, ანგარიშის თანახმად, მაღალი ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებლებზე სათანადოდ არ აისახება. უმუშევრობის დონე 13.9%-ზე დარჩა, დასაქმების მაჩვენებელი კი მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამასთან, ინფლაცია 2026 წლის აგვისტოში 5.6%-მდე დაჩქარდა, რის ფონზეც ეროვნულმა ბანკმა მაისში რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა.
ევროკომისია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის დონეს კვლავ შეზღუდულად აფასებს. 2025 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 12% იყო, დსთ-ის ქვეყნების კი — 69%. კომისია აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებელზე გავლენას, ნაწილობრივ, ავტომობილების რეექსპორტი ახდენს. ამავე დროს, ევროკავშირი საქართველოსთვის ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილეს წყაროდ რჩება — შესაბამისად, მათი 45%-ისა და 34%-ის წილით.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რუსეთთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებზე, ასევე ნავთობზე, გაზსა და მარცვლეულზე დამოკიდებულებასა და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ევროკომისიის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებისა და მმართველობის მოდელებისგან კიდევ უფრო აშორებს.
