ქართული თაფლი მალე შესაძლოა ჩინეთის ბაზარზე შევიდეს. ორმა ქვეყანამ ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას მოაწერა ხელი. გადაწყვეტილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომაზე მიიღეს. საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობს.

რა პერსპექტივა აქვს ქართულ თაფლს ჩინეთის ბაზარზე? საკითხზე ,,კომერსანტი“ ,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების’’ ხელმძღვანელს ესაუბრა. ალეკო პაპავა აცხადებს, რომ ჩინეთის მოსახლეობა თაფლს მცირე ოდენობით მოიხმარს, თუმცა მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ეს ბაზარი შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს. მისივე განმარტებით, ჩინეთი თავად აწარმოებს დიდი ოდენობით თაფლს და მსოფლიოში ამ პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 44% მოიხმარს ჩინეთში წარმოებულ თაფლს. მოსახლეობის დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, რაც ამ ბაზარზე შესვლისთვის დადებითი ასპექტია.

,,ჩინეთი ერთ მოსახლეზე მოიხმარს 240 გრ. თაფლს. მაგალითად, ევროპაში და აშშ-ში ერთი მოსახლე 2 კგ.-მდე თაფლს მოიხმარს. თურქეთში 10 კგ.-ს. რამხელა სხვაობაა რომ დავაკვირდეთ.  ერთ სულ მოსახლეზე 240 გრამი ძალიან ცოტაა. მაგრამ, ჩინეთი გამოირჩევა მოსახლეობის მაღალი რაოდენობით. თანაც, ჩინეთი მსოფლიოში თაფლის პირველი მწარმოებელია და ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა, რომელიც თაფლის ექსპორტს ახორციელებს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში. თუმცა, ჩინურ თაფლს იმიჯი შელახული აქვს. შესაბამისად, ექსპორტი იკლებს, მაგრამ ჩინეთში მეფუტკრეობის დარგი განვითარებას მიყვება. ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 44% იღებს ადგილობრივი წარმოების თაფლს, დანარჩენი მოიხმარს იმპორტირებულს.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

ჩინეთის ბაზარზე საქართველო კონკურენციაში აღმოჩნდება ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან და ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან. ჩინეთში თაფლის მსხვილი იმპორტიორები სწორედ ახალი ზელანდია, ავსტრალია და ტაილანდი არიან. ალეკო პაპავა აცხადებს, რომ ეს ქვეყნები იმ რაოდენობით თაფლს აწარმოებენ, რომ საქართველო მათ კონკურენციას ვერ გაუწევს. ,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების’’ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენს მიერ წარმოებული თაფლის მოცულობა ზღვაში წვეთია. ამიტომ, საჭიროა ფუტკრების ოჯახების რაოდენობის მილიონამდე გაზრდა, რაც ექსპორტზე გასატანი პროდუქციის წარმოების საშუალებას მოგვცემს. ალეკო პაპავა მიიჩნევს, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართულმა თაფლმა მაღალი საფასო კატეგორია უნდა დაიკავოს. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი კვლევების ჩატარება და თაფლის ხარისხის განსაზღვრა. მისივე თმით, კვლევების ჩატარების შემთხვევაში ქართული თაფლის ფასი გაიზრდება და ჩინურ ბაზარზე მის შესვლასაც აზრი ექნება.

,,ჩინეთში ყველაზე დიდი შემტანი არის ახალი ზელანდია, შემდეგ ავსტრალია და ტაილანდი არიან. ეს ქვეყნები იმ რაოდენობით თაფლს აწარმოებენ, რომ საქართველო თავისი მცირე მიწიანობის გათვალისწინებით (ფართობიდან გამომდინარე) ვერასდროს ვერ შეძლებს მათ კონკურენცია გაუწიოს. ახალ ზელანდიურ თაფლს (მამუკას თაფლი), რომელიც ჩინეთში შედის, შესაბამისი კვლევები აქვს გაკეთებული. შეფასებულია აქტიურ ნივთიერებებზე. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, თაფლი მით უფრო მაღალი ფასის სეგმენტშია. საქართველოში ამ კუთხით თაფლზე კვლევა არასდროს გაკეთებულა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი თაფლი შევიდეს ჩინეთში და მაღალი საფასო სეგმენტი დაიკავოს, (რასაც იმსახურებს), საჭიროა და აუცილებელია ამ კვლევის ჩატარება, რომ აზრი ჰქონდეს ჩინეთში თაფლის შეტანას. რამდენად დავაკმაყოფილებთ ჩინეთის ბაზარს? საქართველოში თაფლის წარმოება არის ზღვაში წვეთი. თუმცა, მაღალ სეგმენტზე შეგვიძლია ფიქრი. თუ, მაგალითად იაპონიაში შედის ქართული თაფლი, რატომაც არ უნდა შევიდეს ჩინეთში, თუ ფასი იქნა ჩვენთვის სასურველი და დამაინტრიგებელი. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. დღეს საქართველოში გვყავს 300 ათასი ფუტკარი. საქართველოს სჭირდება 900 ათასი და ერთ მილიონამდე ფუტკრის ოჯახი და წარმოება მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა გავზარდოთ. საქართველოს მოსახლეობაზე გათვლით, ჩვენ გვექნება უკვე ზედმეტი რაოდენობის თაფლი, რომლის ექსპორტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. საუბარი მაქვს ხარისხიან პროდუქტზე.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების’’ ხელმძღვანელი თურქეთთან გაფორმებულ ანალოგიურ ხელშეკრულებას იხსენებს. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თურქეთში 200 ტონაზე მეტი თაფლის შეტანის უფლება აქვს, თუმცა  ჩვენი ქვეყნიდან მეზობელ სახელმწიფოში ლეგალურად თაფლი დღემდე არ შესულა. ამის მიზეზი კი თურქეთის მხრიდან დაწესებული რეგულაციებია. უხვი მოსავლის შემთხვევაში თურქეთი ადგილობრივი ბაზრის ათვისებას თავად ცდილობს და ქართულ თაფლს ბაზარზე აღარ უშვებს. ალეკო პაპავა იმედოვნებს, რომ ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას იგივე ბედი არ ეწევა და ქართველ მეფუტკრეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთის ბაზარზე პროდუქცია ლეგალურად შეიტანონ.

,,დღემდე ლეგალურად ერთი გრამიც არ შესულა თურქეთში. ძალიან არ მინდა, რომ ჩინეთთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება დაემსგავსოს თურქეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, სადაც თაფლის შეტანას ვერ ვახერხებთ, რადგან თურქეთი უფრთხილდება თავისი ქვეყნის შიდა ბაზარს. შესაბამისად, გარკვეულ შეზღუდვებს გვიწესებს. იტყვის, რომ მე მაქვს დიდი რაოდენობით თაფლი და შიდა ბაზარი მე უნდა ავითვისოო. სხვადასხვა გზებით არ გვაძლევს თაფლის შეტანის უფლებას. არ მინდა მსგავსი რამ მოხდეს ჩინეთთან მიმართებაში.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.