ვიქტორ ორბანმა და ირაკლი კობახიძემ უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა და უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე, მოლაპარაკებების მიზანს უნგრეთში ივნისში დაგეგმილი უნგრეთ-საქართველოს მთავრობის მომავალი სამიტისთვის მომზადება წარმოადგენდა“, - წერს კოვაჩი.
თავად ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დღეს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.