უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებები სასიამოვნო იყო.

„უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით“, - წერს ვიქტორ ორბანი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დღეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.