2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპს შემცირების ტენდენცია აქვს 2023 წლის აპრილიდან. ინფორმაცია Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ანგარიშშია აღნიშნული.
რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, წლიურად 124.5%-ით გაიზარდა 2023 წლის 5 თვეში, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან. ამ დინამიკის გაგრძელებას საშუალოვადიან პერიოდში სავარაუდოდ უძრავი ქონების ფასებსა და ქირებზე დაღმავალი ზეწოლა ექნება.
„საცხოვრებელი მშენებლობის ნებართვები 2023 წლის 5 თვეში თანაბრად განაწილდა თბილისის ცენტრალურ, ფართო ცენტრსა და გარეუბნებს შორის (34%/33%/33%). ამასთან, საშუალო ნებართვის ზომა წლიურად 37.5%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს დეველოპერების პრეფერენციას უფრო დიდ საცხოვრებელ პროექტებზე. ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაცემულია საბურთალოზე, შემდეგ დიდ დიღომსა და ისანში“, - აღნიშნულია ანგარიშში.