"ივანიშვილის დასანქცირებას ეკონომიკაზე ვერ ექნება პირდაპირი გავლენა, მაგრამ ირიბად შემოაქვს ბევრი გაურკვევლობა, რაც საფინანსო სექტორს უჩენს თავსატეხს," - ასე ფიქრობს ეკონომისტი აკაკი ცომაია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებაზე.
"კომერსანტი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიულად, ივანიშვილის აქტივების საკუთრების 50%-ზე მეტს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები ფლობენ, ამ ფორმით, ივანიშვილის დასანქცირებას ეკონომიკაზე ვერ ექნება პირდაპირი გავლენა, მაგრამ ირიბად შემოაქვს ბევრი გაურკვევლობა, რაც საფინანსო სექტორს უჩენს თავსატეხს და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გავლენას მოახდენს ეკონომიკის რეალურ სექტორზეც.
კერძოდ, ვინაიდან მაღალია მომავალში ივანიშვილთან აფილირებული კომპანიების დასანქცირების ალბათობაც, მასშტაბის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტრანზაქციების მსურველი ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირების კვლევის ხარჯები საგრძნობლად იზრდება, რის გამოც მოკორესპონდენტო ბანკებს
- შესაძლოა აღარ ჰქოდეთ ქართულ ბანკებთან ურთიერთობის სურვილი.
- ტრანზაქციების დრო გაიზარდოს
გარდა ამისა, მომავალი პერსპექტივის გათვალისწინევით,
- რამდენად უღირთ ქართულ ბანკებს ასეთი კომპანიების დაკრედიტება?
- რამდენად უღირთ სხვა ბიზნესმენებს ასეთ კომპანიებთან საქმის დაჭერა?
- რამდენად უღირთ უცხოურ პარტნიორ კომპანიებს ასეთ კომპანიებთან ურთიერთობის დაჭერა?
რომ არაფერი ვთქვათ,
- ქვეყნის მაღალ რეპუტაციულ ზიანზე, საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად დამძიმებასა და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუარესების მაღალ რისკზე, რაც მყისიერად საპროცენტო განაკვეთზე აისახება
- ტრანზაქციების დაყოვნება/მოკორესპონდენტო ბანკების რაოდენობის შემცირება ბუნებრივად აჩენს დეპოზიტების ქართული საფინანსო სისტემიდან გადინების რისკებს
როგორ შეიძლება ყველა ამ გარემოებამ არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ეკონომიკის რეალურ სექტორზე? სულ მცირე, ბიზნესები ზურგის ტვინით გრძნობენ ყოველივე ამას და მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი ინვესრიციების შემცირება იქნება.
რაც შეეხება თავად ივანიშვილს. მისი 1.3 მილიარდი დოლარი ხაზინის განკარგულებაშია და თუ ის ჯიუტად ვირზე ჯდომას აგრძელებს, შემდეგი ახსნა აქვს: (ა) სჯერა, რომ ქვეყანას იცავს „დიფ სთეითისგან“ თუ არ ვიცი ვისგან (ბ) იმდენად ავტორიტეტია პუტინი და ლუკაშენკო, რომ მზადაა ბევრად მეტ მსხვერპლზე წავიდეს იმისთვის, რომ თავადაც ასეთი სახელი დაიმკვიდროს, (გ) პოლონიუმის უფრო მეტად ეშინია. მეტ "ჩააანალიზებას“ ვეღარ ვახერხებ. ჩემი კოგნიტური შესაძლებლობები შეზღუდულია,“- წერს ცომაია.