უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო არსებული დაძაბულობა და მისი მიღება ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
ეკონომისტების და ფინანსისტების დიდი ნაწილის აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკასთან მიმართებით ინვესტიციების მოცულობა ისედაც კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სამომავლოდ კი ის კიდევ უფრო შემცირდება და საბოლოოდ შეიძლება ის შედეგი მივიღოთ, რომ ინვესტორებმა ჩვენს ქვეყანაზე საერთოდ უარი თქვან.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობა და ზოგადად მსგავსი კანონების განხილვაც კი, ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე ძალიან ცუდად აისახება.
„ვინ ახორციელებს ინვესტიციებს რუსეთში? ვინ არის ინვესტორი კანადა თუ ბრიტანეთი? არცერთი, იქ არის მხოლოდ ხელისუფლება. ჩვენც 2012 წლიდან გვაქვს პოლიტიკა, სადაც ხელისუფლებამ მთლიანად დაიკავა მთავარი აქტორის როლი ეკონომიკაში, ის ასუბსიდირებს გარშემო ყველას და ყველაფერს ისევ ჩვენი ფულით და იღებს დიდ ვალებს.
რაც შეეხება ინვესტიციებს, ის ფაქტობრივად ისედაც არ გვაქვს, მაგრამ ტრაბახობენ ხოლმე ნომინალში ინვესტიციებზე, ნომინალში ინვესტიციებზე საუბარი უბრალოდ არ შეიძლება, უნდა ვისაუბროთ ეკონომიკასთან მიმართებით რამდენი შემოდის ყოველ წელს. ეს კი ძალიან დაბალია, 8%-ზე ნაკლები და სულ მცირდება რაც ნიშნავს იმას, რომ როცა გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ის არ გამომდინარეობდა ინვესტიციებიდან. 2022 წელს როცა მაღალი ზრდა გვქონდა, ამის მიზეზი იყო თანხის შემოსვლა რუსეთიდან და ბელარუსიდან.
ქვეყანაში სადაც ასეთი რამეები ხდება, როგორც მსგავსი კანონპროექტების მიღებაა, იქ ინვესტორი რისკებს არ იღებს. ინვესტორები ხომ სწავლობენ წინასწარ ქვეყნებს სადაც შეიძლება თავიანთი თანხა დააბანდონ, თუ იცი რომ ქვეყანა დასავლეთისკენ მიდის, რუსეთისკენ გადადის, ინვესტორები ჩვენს ქვეყანაზე უარს იტყვიან,“ - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილებები არ მოხდა, საერთაშორისო, საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციები საერთოდ ქვეყნიდან გავლენ, ინვესტიციების შემოდინებაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია.
„ვექცევით მოცემულობაში, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ნელ-ნელა გავლენ საქართველოდან, გავა EBRD და საფინანსო ინსტიტუტები, ასევე საერთაშორისო ინვესტიციები, რომელიც ბოლო წლებში ისედაც შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.
თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, თუ ჩვენ ვერ შევძელით ხელისუფლების შეცვლა, მაშინ დაფარული არ არის, სად აღმოვჩნდებით უახლოეს მომავალში - ჩვენ გავიღვიძებთ რუსეთში, ბელარუსში და აქ არანაირი შეღავათი, დანდობა და რაიმე სიყვარული საქართველოს მიმართ აღარ იარსებებს. თავშეკავება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან თუ ახლა არის, აღარ იქნება ცხადია“, - ამბობს აკაკი ცომაია.
ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ. „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით დღეს განიხილავს. „ქართული ოცნების“ მიერ გამჭვირვალობის სახელით ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება მოუწევს.