საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo - CIIE 2026) ფარგლებში პირველად გაიმართა ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები. სააგენტოს ინიციატივით, გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენას საქმიანი შეხვედრების ფორმატიც დაემატა, რომლის მიზანი ქართველ მწარმოებლებსა და ჩინელ მყიდველებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაა.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა. მან მონაწილეებს საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინურ ელექტრონული კომერციის კომპანია JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) გაფორმდა. სააგენტოს მხრიდან დოკუმენტს ხელი თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა მოაწერა.
ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, B2B შეხვედრების ორგანიზება ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
„ჩინეთი ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. წელს პირველად, ინვესტიციების სააგენტოს ინიციატივით, CIIE-ის ფარგლებში ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის პირდაპირი ბიზნესშეხვედრები გავმართეთ. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს არა მხოლოდ პროდუქციის წარდგენაში დავეხმაროთ, არამედ ხელი შევუწყოთ ჩინელ პარტნიორებთან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევასა და გრძელვადიანი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
B2B შეხვედრების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა ჩინელ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს. მხარეებმა მიწოდების პირობები, ჩინეთის ბაზრის მოთხოვნები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ღვინის, სასმელების, თხილის, დაფნის ფოთლისა და ტანსაცმლის სექტორების წარმომადგენლები.
ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო CIIE 2026-ზე 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი. ქვეყანა გამოფენაში უკვე მეცხრედ მონაწილეობს. გამოფენა შანხაიში, 5-10 ნოემბერს მიმდინარეობს.
ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს