„ფასების შემცირების მიზეზებზე საუბრის დროს უნდა გამოვყოთ ორი ჯგუფი, ესენია ჯანდაცვა სადაც ფასები 9,1% - ით არის შემცირებული და ტრანსპორტის ჯგუფი სადაც ფასები 8% - ით არის შემცირებული ამ ორმა ჯგუფმა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე მკვეთრად იმოქმედა“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა. მისი თქმით დანარჩენ ჯგუფებშიც ფასების ზრდის ტემპი შემცირებულია, რამაც ინფლაცია 5,3% ზე დააკორექტირა.
„ინფლაციის შემცირება არ ნიშნავს ფასების შემცირებას, ეს ნიშნავს იმას. რომ ფასების ზრდის ტემპი შემცირდა და ფასების საშუალო დონე კვლავ მაღალი დარჩა.
ამ საკითხის პოზიტიურ ჭრილში განხილვა შესაძლებელია იმ კუთხით, რომ რეფინანსირების განაკვეთის გადახედვა 29 მარტს მოხდა და შემდეგი გადახედვა 10 მაისს არის ჩანიშნული, თუ ეს ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდება და ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი გვექნება ეროვნულ ბანკს დაუდგება ის საჭიროება, რომ განაკვეთს გადახედოს. ეს პოზიტიური სიგნალია და დადებითად აისახება იმ ადამიანებზე, ვისი სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული“ - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
რაც შეეხება კონკრეტულ ჯგუფებს ირაკლი მაკალათა განმარტავს, რომ ჯანდაცვის ჯგუფში ფასების 9,1% - ით შემცირება მკვეთრი შემცირებაა. მისივე თქმით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია 20,5% -იანი კლება სამედიცინო აპარატურებზე და მოწყობილობების ქვე-ჯგუფებზე, ასევე ამბულატორიულ მომსახურებაზე.
„რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს აქ 8 % - ით არის ფასები შემცირებული, რაც სატრანსპორტო საშუალებების ფასების შემცირებით იყო გამოწვეული თუმცა მეორე მხრივ სურსათის ჯგუფში გვაქვს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის მედიკამენტებს და სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობდა, ინფლაცია მკვეთრად შემცირებულია და პოზიტიური ფასებია, ხოლო იმ ადამიანებისთვის ვის სამომხმარებლო კალათაშიც სურსათს მეტი წილი უჭირავს ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელია და მათთვის ინფლაცია გაზრდილია.“ - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
მაკალათიამ ისტორიულ მაქსიმუმზეც ისაუბრა და განმატა, რომ მშპ, რომელიც ხუთი წლის წინ დაფიქსირდა, იმ დროისათვის ისტორიული მაჩვენებელი იყო 10 წლის წინაც და დღევანდელი მაჩვენებელიც ისტორიული მაქსიმუმია.
„ეკონომიკა ყოველთვის იზრდება, თუ რაღაც ხელოვნურად არ შევამცირეთ, მაგალითად როგორც ეს პანდემიის შემთხვევაში მოხდა. სხვა შემთხვევაში ეკონომიკა ყოველთვის სხვადასხვა ტემპით იზრდება და ეს ცხოვრების დონეზე ვარ აისახება იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის მცირე, აწარმოებს მცირე რაოდენობის პროდუქციას და ახალი წარმოება ნაკლებად ემატება. ადამიანი, რომელსაც ასი ლარი და მას შემოსავალი 20% ით გაეზრდება ნიშნავს იმას რომ გაუხდა 120 ლარი და ეს ადამიანი ვერ დაეწევა იმას, ვისაც აქვს 10 000 ლარი.
ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს, მაგალითად ომმა დაგვანახა, საქართველოს დერეფნის პოტენციალი, დაგვანახა ის, რომ შეგვიძლია აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვიყოთ დამაკავშირებელი. თუ მეტი პორტი და ინფრასტრუქტურა გვექნება ქვეყანაში განვითარებული, მეტი ტვირთის გადაზიდვას შევძლებთ, მეტი ადამიანი დასაქმდება და მეტი ბიზნესი შემოვა ქვეყანაში, რაც ინვესტიციას მოიზიდავდა და ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება,"— განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.