„საქსტატმა“ სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 36.4%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (51.4%);

• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.73 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.8%) და ძირითად ლითონებზე (8.2%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.32 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.6%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

თვის ჭრილში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 7.3%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.55 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.8%), რამაც 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.9%) და ძირითად ლითონებზე (3.4%). გარდა ამისა, ფასების 0.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.