ქვეყანაში ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა - აღნიშნული გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის, ისე რეექსპორტის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ 2026 წლის 4 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
„ეკონომიკური ზრდა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლის ზრდას და ზოგადად ეკონომიკური დოვლათის გენერირებას“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე. ვახტანგ ცინცაძის თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, სახელმწიფო პროგრამები და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
„ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის მაღალ დამატებულ ღირებულებას, შემოდის უცხოური ინვესტიციები, ასაქმებს ადამიანებს. გარდა ამისა, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელიც უშუალოდ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ასევე გამოვყოფდი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით გაიტანონ“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 2,439.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებლები რეკორდულია აპრილშიც, როდესაც ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს