საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს გუდაურში დაგვემატება ორი ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – ახალი საბაგირო ხაზი და დამატებით, ხუთკილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაკურიანი და გუდაური ინფრასტრუქტურის კუთხით სრულ მზადყოფნაშია მნიშვნელოვანი ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

„ვხედავთ, რომ ბაკურიანი სრულ მზადყოფნაშია ინფრასტრუქტურის კუთხით. ამასთან, ძალიან დიდი კომპლიმენტია, როდესაც ვხედავთ, რომ გასული პერიოდის განმავლობაში გუდაურში ჩატარებულმა ინსპექტირებებმა აჩვენა საერთაშორისო ფედერაციას ის, რომ, მათ შორის, გუდაურიც უკვე მზად არის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლოს. თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს გუდაურში ჩვენ დაგვემატება ორი ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ეს არის ახალი საბაგირო ხაზი და მეორე, ეს არის ახალი, დამატებით ხუთკილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ  საჭიროების შემთხვევაში დამატებით კიდევ უფრო მეტად აქტიურად ვაწარმოოთ ხელოვნური გათოვლიანება და, მეორე მხრივ, გავზარდოთ გამტარუნარიანობა უშუალოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ.