მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და ფინანსური რისკი ძლიერდება განვითარებად ქვეყნებში მომატებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.
მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ გლობალური ზრდა 2022 წელს არსებული 3.1%-დან 2023 წელს 2.1%-მდე შემცირდება. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში, ჩინეთის გარდა, ზრდის მაჩვენებელი შარშან არსებული 4.1%-დან წელს 2.9%-მდე შენელდება.
ანგარიშის მიხედვით, ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას განვითარებული ქვეყნების ბოლოდროინდელმა საბანკო სტრესმა მხოლოდ შეზღუდული ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა ისინი სახიფათო სიტუაციაში არიან. გლობალური საკრედიტო პირობების მზარდი შეზღუდვების ფონზე, ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთმა ფაქტობრივად დაკარგა წვდომა ობლიგაციების საერთაშორისო ბაზრებზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც დაბალი კრედიტუნარიანობით გამოირჩევიან. მათი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის გასული წლის საპროგნოზო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია, რაც დამატებითი შოკების მიმართ მათ დაუცველობას განაპირობებს.
„მსოფლიო ეკონომიკა არასაიმედო მდგომარეობაშია. აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმ დინამიზმის მისაღწევად, რომელიც საჭიროა სიღარიბის აღმოსაფხვრელად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად და ადამიანური კაპიტალის შესავსებად. 2023 წელს ვაჭრობა გაიზრდება პანდემიამდე რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ტემპის მესამედზე ნაკლებით. ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვალის წნეხი იმატებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო. ფისკალურმა სისუსტეებმა უკვე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა სავალო კრიზისამდე მიიყვანა. იმავდროულად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაფინანსების საჭიროება კერძო ინვესტიციების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ბევრად აღემატება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.
ანგარიშის თანახმად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2022 წელს არსებული 2.6%-დან ზრდა წელს შენელდება 0.7%-მდე და 2024 წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 2023 წლის 1.1%-იანი ზრდის შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს 0.8%-მდე შენელდება, ძირითადად, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის გავლენის გამო. ევროზონაში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება 0.4%-მდე 2022 წლის 3.5%-დან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შემაფერხებელი ეფექტის გამო.
ანგარიშში მოცემულია ფისკალური პოლიტიკის გამოწვევების ყოვლისმომცველი შეფასება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. საპროცენტო განაკვეთების ზრდამ გაამძაფრა მათი ფისკალური პოზიციების გაუარესება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
სახელმწიფო ვალი ახლა საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ს შეადგენს. საპროცენტო გადახდები ამცირებს სახელმწიფოს შეზღუდულ შემოსავლებს. დაბალი შემოსავლის მქონე 14 ქვეყანა უკვე იმყოფება სავალო კრიზისში ან მის პირზეა.