ლოგისტიკურმა კომპანია Gianti Logistics-მა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 5 ოფისი, ფოთში კი საკუთარი ტერმინალი აქვს, 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ტვირთების გადაზიდვა გაზარდა. საქართველოში ტვირთის გადაზიდვის დინამიკაზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი მახათაძემ ისაუბრა.
„წინა წელთან შედარებით, 2023 წელს 30%-ით არის გაზრდილი უშუალოდ Gianti Logistics-ის გადაზიდვები, რაც ჩვენს დატვირთულობაზეც აისახება. რაც შეეხება ტენდენციებს, უფრო მეტად ჭარბობს ცენტრალური აზიის ტვირთები, რომლებიც საქართველოს დერეფნის გავლით მოძრაობს და ბათუმისა და ფოთის პორტებში შემოდის, საიდანაც შემდეგ აზიის ქვეყნებში ნაწილდება, რომლებიც მანამდე, ძირითადად, რუსეთის დერეფანს იყენებდნენ.
ტვირთის გადაზიდვის დინამიკის ზრდა, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, რომ საზღვაო ფრახტები ძალიან გაიაფდა, გასული წლის ბოლოდან დაიწყო კლება და ზოგ შემთხვევაში, პანდემიამდელ ნიშნულსაც ჩამოსცდა,“ - განაცხადა გიორგი მახათაძემ.
Gianti Logistics-ი საერთაშორისო ბაზარზე 2005 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი მრავალპროფილური ავტოპარკი გააჩნია და აქტიურად მუშაობს, რომ პორტფელში საქართველოს წილის 15%-იანი მაჩვენებელი გაიზარდოს.