ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ათეული ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდა. მხოლოდ 2022-2023 წლებში ექსპლუატაციაში 12 ჰესი შევიდა, 30 მგვტ-ზე მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრით. გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გავაფორმეთ 60-ზე მეტი ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და პოტენციურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ კონფერენციაზე „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ საჯარო და სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFC, EBRD, ADB, FMO და სხვ.) წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მიმდინარეობს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიების მიმართულების განვითარებას. მისი თქმით, სამინისტრო ახორციელებს განახლებული დირექტივის გადმოტანას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ბაზარზე ორიენტირებული მხარდაჭერის სქემების დანერგვას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმაზე, რომელშიც 2030 წლისთვის მაჩვენებელმა განახლებადი ენერგიისთვის საბოლოო მოხმარებაში 27.4%-ი უნდა შეადგინოს.მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავებულ კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელიც ითვალისწინებს სიმძლავრის აუქციონებს განახლებადი ენერგიის წყაროებისათვის, მათ შორის ისეთი არატრადიციული წყაროებისათვის, როგორიცაა წყალბადი, ბიოგაზი, ბიომასა, გეოთერმული და ა.შ.„ვფიქრობთ, მხარდაჭერის შემოთავაზებული სქემა კარგი არგუმენტია ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობისათვის და დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოზიდვაში. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგიების პროექტების განსახორციელებლად, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკული პროექტების, განსაკუთრებით მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისას. „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა იქნება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.