საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 30 ცენტიდან ივაჭრება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე საუბრისას განმარტა. 

მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც 1300 მეგავატიანი ხაზით საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქტიურ ფაზაშია. 1300 მეგავატიანი ხაზი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, მისცემს შესაძლებლობას საქართველოში გენერირებულ ელექტროენერგიას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ევროკავშირთან, სადაც იცით, საფასო პოლიტიკა როგორია. საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია დაახლოებით 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში დღეს ივაჭრება ელექტროენერგია ერთ კილოვატსაათი საშუალოდ 30 ევროცენტიდან და მაღლა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული გაზის მოხმარებასთან, რადგან განსაკუთრებით პიკურ პერიოდში ქვეყანა თბოსადგურების მუშაობისთვის დიდ მოცულობას იყენებს. მისი თქმით, იანვარი ნათელი მაგალითია, როდესაც პარალელურად რამდენიმე წყაროდან ხდებოდა იმპორტი, რაც ენერგოდეფიციტის სირთულეს აჩვენებს და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ საკმაოდ დიდი მოცულობის გაზის მოხმარება გვჭირდება, განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში და იდეაში, შეიძლება ითქვას, ასევე რვა თვის განმავლობაში იმისთვის, რომ გაზის მოხმარებით ვამუშაოთ თბოელექტროსადგურები და გამოვიმუშაოთ ქვეყანაში ელექტროენერგია. იანვრის თვე არის კარგი მაგალითი იმიტომ, რომ იანვრში პარალელური სამი წყაროდან - მეოთხე წყაროდანაც ხდებოდა ელექტროენერგიის რეჟიმულად და პარალელურად ჩვენს ქვეყანაში იმპორტი და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორი სირთულის წინაშე დგება ქვეყანა, როდესაც დეფიციტი აქვს და ამხელა დეფიციტი აქვს ელექტროენერგიის სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ერთად ვიზრუნოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ფასების გამჭვირვალობასა და სამომხმარებლო ტარიფებზე ზემოქმედებას, თუმცაპარალელურად აუცილებელია ახალი დადგმული სიმძლავრეებისა და ქსელის განვითარება.

რაც შეეხება ფასების გამჭვირვალობას და რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული პროექტები, რომლებიც დღეს უკვე აქტუალურია და უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს პროექტები უნდა განვითარდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით სამომხმარებლო ტარიფებზე ნებისმიერი პროექტის გავლენას, თუმცა აქვე, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ახალი დადგმული სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას, მაგრამ, მეორე მხრივ, უშუალოდ ქსელის განვითარებას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მიერ იქნება ინვესტირებული 1,5 მილიარდი ლარი, რომელიც პირდაპირ მოემსახურება გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და სტაბილური ენერგოდისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით“აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს