ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ როდესაც "ქართული ოცნება" კადრების ოპტიმიზაციაზე და ხარჯების შემცირებაზე საუბრობს, რეალურად პრობლემის წარმატებად წარმოჩენას ცდილობს.

ეკონომისტი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.

ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ფულის არქონის გამო, უკვე სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრირების პროცესი.

"სახელმწიფო ბიუჯეტი (არაპირდაპირი) სეკვესტრი - უკვე შევეჩვიეთ, რომ როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რაიმე მოვლენას როგორც წარმატებას წარადგენენ, ამის უკან სერიოზული პრობლემები იმალება.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ქართული ოცნება", უმრავლეს შემთხვევაში, დასწრებაზე თამაშობს და სანამ პრობლემა გამოაშკარავდება, ცდილობს, რომ მედიის საშუალებით ამ პრობლემის როგორც მიღწევის გაყიდვას, რადგან შემდეგ, ყველას, ამ მიღწევის ასოციაცია გაუჩნდეს.

ზუსტად ასეთი შემთხვევაა, როდესაც "ქართული ოცნება" საჯარო სამსახურში და სახელმწიფო კომპანიებში კადრების ოპტიმიზაციაზე და ტენდერების და მომსახურების ხარჯების შემცირებაზე საუბრობს (იხილეთ ნიუსი).

რას ნიშნავს ხარჯების/კადრების ოპტიმიზაცია და მაგ. მომსახურების ხარჯების შემცირება საჯარო სამსახურში და სახელმწიფო კომპანიაში? - ეს არის, სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ ან არაპირდაპირი სეკვესტრი. ანუ, ხდება დაგეგმილი ხარჯების შეკვეცა, როგორც წესი, რადგან, ამ ხარჯების დასაფარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში არ გვაქვს.

არსებობს წელს ამის რისკი? რა თქმა უნდა! მთელი წელია, სახელმწიფო/ნაერთი ბიუჯეტი შესრულების ზღვარზეა; ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, წელს მაისში ეროვნული ბანკისგან დივიდენდების სახით მიღებული 670 მილიონი ლარი, რისი საშუალებითაც მოახდინა მთავრობამ 6 თვის საბიუჯეტო გეგმის შესრულება.

შესაბამისად, გაჩნდა ბიუჯეტის სეკვესტრის სერიოზული რისკი. ანუ, გაჩნდა რისკი, რომ სახელმწიფო ვერ დაფარავს საკუთარ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯებს და აგრეთვე, გაუჭირდება საბიუჯეტო ტრანსფერების საშუალებით სახელმწიფო საწარმოების ხარჯების/ზარალის ანაზღაურება.

როგორ შეფუთა "ქართულმა ოცნებამ" ეს რეალობა და რაზე გადაიტანა ჩვენი ყურადღება? ხარჯების ოპტიმიზაციაზე საჯარო სამსახურში და იმაზე, თუ როგორ უსწორდება ერთი ჯგუფი "ოცნების" შიგნით მეორე ჯგუფს. შეიძლება, ასეც ხდება, მაგრამ, ჩემი აზრით მთავარი მიზეზი მაინც მეორე პლანზე გადადის. ხოლო ეს მიზეზია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში წელს ფული ისე გაჭირდა, რომ დამსახურებულ პენსიაზე გასულ "ოცნების" მხარდამჭერ მრჩევლებსაც კი ვეღარ უხდის "ქართული ოცნება" ხელფასს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფულის არქონის გამო, უკვე სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრირების პროცესი, რისი აღიარებაც "ქართულ ოცნებას" ძალიან არ უნდა და რასაც ამ გადაფარვის ოპერაციით მალავს", - წერს გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში.

bm.ge