საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 2 452.5 ტონა თევზი აწარმოვეს, რაც 17 ტონით ნაკლები 2023 წელთან შედარებით.  აკვაკულტურის სექტორის მიმოხილვის ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, ქვეყანაში თევზის წარმოება ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება. 2021 წლიდან დღემდე კლებამ 14% შეადგინა.

საქსტატისგან განსხვავებული მონაცემები აქვთ ,,საქართველოს თევზის მომშენებელთა ასოციაციაში“. ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათ 2024 წელს ფერმერებისგან წარმოების მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს და დაჯამების შედეგად დაადგინეს, რომ 2024 წელს 4 252 ტონა თევზი იწარმოვა.

,,ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა. ჩავატარეთ აკვაკულტურის ფერმების აღწერა. შევიმუშავეთ კითხვარი და ამ კითხვარის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა. ახლა დავასრულეთ შეჯამება. შედეგი გვაქვს ასეთი: 4 252 ტ. იწარმოება მთელს საქართველოში. ეს არის ფიცრები, რომელსაც გვეუბნებოდნენ ფერმერები. თითოეული ფერმერის მიერ მოწოდებული მონაცემების ჯამია. აქედან კალმახი არის 2 736 ტ. კობრი არის 927 ტ. ზუთხი არის 588 ტ. კალმახის ხიზილალა 100 ტ. ზუთხის ხიზილალა 8 ტ. ასეთი მონაცემები გვაქვს რაც შეეხება წარმოებას. ასეთი კვლევა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული. ესეც არ იყო სრულფასოვანი კვლევა. ძალიან ბევრი მონაცემი გვჭირდებოდა, თუმცა მოვახერხეთ და მთავარი რაც იყო, რაც გამოკვეთდა დარგს ეს გავაკეთეთ.’’- აცხადებს ნინო ჩობანიანი ,,კომერსანტთან“ საუბარში.

,,საქართველოს თევზის მომშენებელთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში თევზის წარმოება ზრდის ტენდენციას აჩვენებს. მისივე განმარტებით, სირთულეების მიუხედავად იზრდება ფერმების რაოდენობა.

,,არის ზრდის ტენდენცია. როგორ არ არის. ახალი ფერმები კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი ფერმები, მაინც ენთუზიაზმით აკეთებენ ფერმას. წარმოების მაღალი მოცულობით კალმახის შემთხვევაში შიდა ქართლი და ჯავახეთი გამოირჩევა. კობრი კახეთში იწარმოება ძირითადად.’’- ამბობს ნინო ჩობანიანი.

,,საქართველოს თევზის მომშენებელთა ასოციაციის’’ თავმჯდომარისთვის უცნობია თუ რა მეთოდოლოგიას იყენებს საქსტატი სექტორის წარმოების განსაზღვრის პროცესში. ნინო ჩობანიანი ამბობს, რომ ცდომილება წინა წლებშიც დაფიქსირდა. ის გეგმავს საქსტატთან კომუნიკაციას, რათა მათი მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიიღოს და უწყებას ასოციაციის მიერ შეგროვებული მონაცემები გააცნოს.

,,მე არ ვიცი საქსტატი რა მეთოდოლოგიით ითვლის. არ ვიცი, არ ვიცნობ მეთოდოლოგიას. ადრე ჩვენ ნევაცდეთ (საქსტატთან კომუნიკაციას და ინფორმაციის დაზუსტებას) აუცილებლად  დავუკავშირდები საქსტატს და გავარკვევ და მივაწვდი ჩვენს მონაცემებს. ჩვენ ველოდებოდით მათ კვლევას.’’- აცხადებს ნინო ჩობანიანი.