Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ უცვლელად “BB” დონეზე დაადასტურა, თუმცა, პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. მიზეზად სააგენტო გაზრდილ პოლიტიკურ რისკებს ასახელებს. 

Fitch-ი მიმდინარე წელს საქართველოში 8.7%-იან ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს წინასწარი გათვლით, მომდევნო წლებში ზრდა შედარებით ნაკლები იქნება და 2025 წელს უკვე 5.3%-მდე, ხოლო 2026 წელს 5%-მდე შენელდება. 

წინა შეფასებასთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია. მიმდინარე წლის ივნისში Fitch-ი საქართველოში 2024 წელს 5.8%-იან, ხოლო 2025-2026 წლებში, საშუალოდ, 5%-იანი ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.

Fitch-ისთვის ნაკლებსავარაუდოა, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების 8%-იან ნიშნულზე არსებულ განაკვეთს კიდევ შეამცირებს.

სარეიტინგო სააგენტო ახალ ანგარიშში რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებულ რისკებზეც მიანიშნებს და წერს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა. ახალ ანგარიშში ასევე წერია, რომ სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის,თუმცა, Fitch-ი მომავალ გაყიდვებს არ გამორიცხავს

საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გათვლით, ინფლაცია 2025 წელს 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება. ინფლაციის ზრდის რისკად ლარის უფრო მკვეთრი გაუფასურებაა დასახელებული. ახალი ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც დაბალია სებ-ის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე, ძირითად მიზეზად ადგილობრივი ფასების სუსტი ზრდაა დასახელებული.

Fitch-ის განახლებული ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური კრიზისის გაგრძელებისა და დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ან მრავალმხრივი დაფინანსების შემოდინების შემცირებას.

Fitch-ის ვარაუდობს, რომ "პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) სრულად ვერ დაფარავს მდგრად დიდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, დასავლეთის მსხვილ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყაროა".

სააგენტოს ამგვარი პროგნოზის საშუალებას აძლევს ის ფაქტიც, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოური ინვესტიციები წლიურ ჭრილში 34%-ით შემცირდა.