Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ უცვლელად “BB” დონეზე დაადასტურა, თუმცა, პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. მიზეზად სააგენტო გაზრდილ პოლიტიკურ რისკებს ასახელებს. 

პერსპექტივის გაუარესების ერთ-ერთი ფაქტორი, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და დაფინანსების შესაძლო კლებაა. შეფასებაზე მოქმედ ფაქტოებს შორის, გაზრდილ პოლიტიკურ რისკებთან ერთად, Fitch-მა  გამოყო ურთიერთობა გარე მხარეებთან.

Fitch-ის მიხედვით, პოლიტიკური კრიზისის გაგრძელებისა და დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ან მრავალმხრივი დაფინანსების შემოდინების შემცირებას.

Fitch-ის ვარაუდობს, რომ "პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) სრულად ვერ დაფარავს მდგრად დიდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, დასავლეთის მსხვილ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყაროა".

სააგენტოს ამგვარი პროგნოზის საშუალებას აძლევს ის ფაქტიც, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოური ინვესტიციები წლიურ ჭრილში 34%-ით შემცირდა.