Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ უცვლელად “BB” დონეზე დაადასტურა, თუმცა, პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. მიზეზად სააგენტო გაზრდილ პოლიტიკურ რისკებს ასახელებს. 

სარეიტინგო სააგენტო განახლებულ შეფასებაში ყურადღებას ამახვილებს რეზერვების შემცირებაზე, რომელიც ლარსი კურსის დასაჭერად სებ-ის წინასაარჩევნო ინტერვენციების ფონზე. 

"საერთაშორისო რეზერვები ოქტომბერში, თვის ჭრილში 13%-ით ($627,5 მლნ) დაეცა 4,1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც ექვივალენტურია მხოლოდ 2.1 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების და ყველაზე დაბალი დონეა 2021 წლის პირველი კვარტალის შემდეგ," - წერს FITCH-ი

როგორც მის ბოლო შეფასებაში წერია, რეზერვების მკვეთრი ვარდნა განპირობებული იყო სებ-ის მიერ 591 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენციებით წინასაარჩევნოდ და ასევე, კორპორაციებისგან სავალუტო ფორვარდების შეძენის გამო. რეზერვები ნოემბრის ბოლოსთვის უმნიშვნელოდ გაიზარდა 4,12 მილიარდ აშშ დოლარამდე.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ  სებ-მა დაადასტურა თავისი ერთგულება მცურავი გაცვლითი კურსისადმი და პირობა დადო, რომ დააგროვებს სავალუტო რეზერვებს. ანგარიშში ისიც წერია, რომ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ნოემბერში 124,5 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, თუმცა Fitch-ი მომავალ გაყიდვებს არ გამორიცხავს. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს 5 პროცენტული პუნქტით ზრდის, რაც Fitch-ის თანახმად, სავარაუდოდ გაზრდის სავალუტო რეზერვებს.

Fitch-ი ელის, რომ საერთაშორისო რეზერვები დარჩება უცვლელი 2025-26 წლების განმავლობაში და საკმარისი იქნება დაახლოებით 2.3 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების დასაფარად, მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დიდი დეფიციტის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო სუსტი პერსპექტივის გათვალისწინებით.

"პოლიტიკურმა დაძაბულობამ ასევე შეიძლება შეაფერხოს ან გაართულოს ისეთი რეფორმები, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობის გაძლიერება კანონმდებლობის მეშვეობით" - წერს Fitch-ი.