ადამიანების მარსზე გაგზავნის ამბიციურ გეგმებს ახალი გამოწვევა შეექმნა, NASA-ს ინჟინრების შეფასებით, თანამედროვე მთვარის კოსმოსური კოსტიუმები წითელ პლანეტაზე სამუშაოდ ზედმეტად მძიმეა.

ამის შესახებ NASA-ს საინჟინრო ჯგუფების მოხსენებაშია საუბარი, რომელიც 55-ე საერთაშორისო კონფერენციაზე — International Conference on Environmental Systems (ICES) — წარადგინეს.

მთავარ პრობლემად მარსის გრავიტაცია სახელდება. NASA-ს მიერ შემუშავებული xEMU კოსტიუმი თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთ მიღწევად ითვლება: მას შეუძლია გაუძლოს წნევის მკვეთრ ცვლილებებს, უზრუნველყოფს ქვედა კიდურების მაღალ მობილურობას და მოდულური კონსტრუქცია აქვს.

თუმცა, მისი მასა დაახლოებით 170 კილოგრამს შეადგენს — თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე საშუალო ასტრონავტის წონა.

მთვარეზე, სადაც გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ მეექვსედია, ასეთი კოსტიუმი დაახლოებით 28 კილოგრამის დატვირთვას ქმნის. მარსზე კი, სადაც გრავიტაცია დედამიწის დაახლოებით 38%-ს შეადგენს, იგივე კოსტიუმი ასტრონავტისთვის დაახლოებით 64 კილოგრამის ტვირთის ტოლფასი იქნება.

მეცნიერების განცხადებით, ხანგრძლივი კოსმოსური ფრენის შედეგად ასტრონავტებს შესაძლოა აერობული შესაძლებლობების 15-25%-იანი შემცირება ჰქონდეთ, რაც მძიმე კოსტიუმთან ერთად მათ ჯანმრთელობასა და გამძლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ინჟინრებმა გამოთვალეს, რომ მარსის მისიისთვის განკუთვნილი კოსმოსური კოსტიუმის მაქსიმალური დასაშვები წონა დაახლოებით 104 კილოგრამი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არსებული xEMU-ს მასა დაახლოებით 40%-ით უნდა შემცირდეს.

შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მარსზე საგანგებო სიტუაციებში ფეხით დაბრუნების შესაძლებლობაა. თუ მარსმავალი ბაზიდან შორს გაფუჭდება, ასტრონავტებს შესაძლოა დიდი მანძილის გავლა თავად მოუწიოთ.

მძიმე კოსტიუმი მნიშვნელოვნად გაზრდის ჟანგბადის მოხმარებას და შეამცირებს უსაფრთხო გადაადგილების რადიუსს. არსებული გათვლებით, ასეთ პირობებში ასტრონავტებს საცხოვრებელი მოდულიდან მხოლოდ დაახლოებით 1.8 კილომეტრის დაშორებით შეეძლებათ გადაადგილება.

საჭირო წონის მისაღწევად მეცნიერები მარსის კოსტიუმის კონსტრუქციის შეცვლას და აპოლოს პროგრამის ეპოქის ტექნოლოგიებთან დაბრუნებას განიხილავენ. მათი იდეით, სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემები კოსტიუმის ფიზიკურ სტრუქტურასთან უნდა იყოს ინტეგრირებული.

თუმცა, ასეთი მიდგომა უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. აპოლოს პროგრამის კოსტიუმები მხოლოდ ერთი სისტემური გაუმართაობის მიმართ იყო დაცული, მაშინ როცა თანამედროვე xEMU ორმაგი რეზერვირების პრინციპით მუშაობს.

შედეგად, NASA-ს ინჟინრებს მარსის მომავალი მისიებისთვის შესაძლოა რთული არჩევანის გაკეთება მოუწიოთ — შეამცირონ კოსტიუმების წონა და გაზარდონ ასტრონავტების გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა უსაფრთხოების გარკვეული კომპრომისების ფასად.