ქართველი ფერმერები გასული წლის მოსავლის რეალიზაციას დაბალი ფასის და ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ, ასევე დგება ახალი მოსავლის აღების პერიოდიც და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება საწყობების ძველი მოსავლისგან დაცლა, ფერმერები ახალ მოსავალს ვერ დააბინავებენ. აღნიშნულ პრობლემის განსახილველად ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრსაც შეხვდნენ,
რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე და მიიღეს თუ არა ფერმერებმა რაიმე დაპირება მინისტრისგან - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა, მისი თქმით ფერმერების ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ ხორბალი გაიყიდოს თვითღირებულებით და არა შარშანდელ ფასად.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრი დაგვპირდა, რომ ჩვენ საკითხს დადებითად გადაწყვეტს. დღეის მდგომარეობით ფერმერებს დარჩენილი აქვთ 20 000 ტონამდე მარცვლეული, რომელში შედის ხორბალი, ქერი და სიმინდი, ახლა მოსულია ხორბლის და ქერის აღების დრო და თუ ეს საწყობები არ დავცალეთ, ახალი მოსავლის დაბინავებას ვერ შევძლებთ, შეხვედრაზე ამ საკითხებზე იყო საუბარი, შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში ყველა მხარე აქტიურად არის ჩართული, მინისტრი დაგვპირდა, რომ ჩვენი საქმე დადებითად გადაწყდება რაშიც ფასის ნაწილი იგულისხმება, რომელიც თვითღირებულებაზე მაინც გაგვიყვანს, აქ არ არის საუბარი შარშანდელ ფასზე, აქ საუბარია თვითღირებულებაზე, რომელიც მდგომარეობიდან გამოიყვანს სექტორს და შევძლებთ დავცალოთ საწყობები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ელოდებიან პურის საცხობების და წისქვილების მოლაპარაკებას, რომ საბოლოოდ გადაწყვიტონ, თუ რა ამ მიმართულებით წავლენ. აქ საუბარია დაღერღილი ხორბლის ჩაკეტვაზე, ფქვილის შეზღუდვაზე ან სუბსიდიაზე.
სუბსიდიას ჩვენ არ ვითხოვთ, იმიტომ რომ ეს დეფიციტური პროდუქტია და ჩვენ სუბსიდია არ გვჭირდება, იქ არის საშუალება, რომ შედარებით გაიზარდოს ფქვილის ფასი, რომ წისქვილებმა შეძლონ ამუშავება და როდესაც წისქვილები ამუშავდებიან ქართულ ხორბალსაც დაფქვავენ. საუბარია იმაზე, რომ თუ ფქვილი რაღაც დოზით შეიზღუდება, ეს გამოიწვევს ხორბლის რუსეთიდან შემოტანას, რომელიც შეირევს ქართულ ხორბალს და ასე მოხდება ახალი მოსავლის დაბინავება და რეალიზაციაც, ამაზეა საუბარი,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
კითხვაზე თუ რა გავლენას ახდენს რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილის შემოსვლა სექტორზე ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ მარცვლეულის გაყიდვის პრობლემა რუსეთშიცაა და იმდენად აგდებენ ფასებს, რომ ამის გამო სხვა ქვეყნის ფერმერებს დიდი პრობლემები ექმნებათ
„მარცვლეულის გაყიდვა აისახება შიგნით ფასებზე, რუსეთში ფასები ძალიან დაცემულია და ვერ ყიდიან მარცვლეულს და საქართველოში მოედინება ასე ქაოსურად და ეს იწვევს იმას, რომ მათაც აქვთ ახალი მოსავალი და ამ საშიშროებას, რომ გრძნობენ იმდენად აგდებენ ფასებს, რომ შეუძლებელია ამას რომელიმე ქვეყანამ გავუძლოთ“- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ბენიაიძის თქმით, ფერმერების პრობლემებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებმა ზომები მიიღეს, მაგალითად თურქეთმა 130%-ით დაბეგრა იმპორტი, ყაზახეთმა ტრანზიტი ჩაკეტა 6 თვით და მხოლოდ საქართველო იყო უკონტროლო, თუმცა ბენიაიძის თქმით გუშინდელი შეხვედრა დამაიმედებელი იყო.
„როგორც ინფორმაციას ვიღებთ კანონში შეფერხება-შეზღუდვა უფრო ჯდება, ვიდრე პირდაპირ დაბეგვრა და ეს დაბეგვრა რატო არ უნდათ, არ ვიცი. დღესდღეობით ხორბლის ფასები ხარისხის მიხედვით 42 თეთრიდან 50 თეთრამდე მერყეობს. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეში შეიძლება გაიყიდოს 50 ან 100 ტონა, რაც ვერ დაგვეხმარება საწყობების დაცლაში. სავარაუდოდ ვფიქრობთ, რომ 75 - 70 თეთრამდე უნდა გაიყიდოს ეს მოსავალი, რომ გადავრჩეთ და გადაყრა არ მოგვიწიოს, ამ ფასში იქნება ის, რომ ჩვენ შევძლოთ მუშაობის გაგრძელება,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ბენიაიძე აღნიშნავს, რომ შარშან ამ დროს ერთი ტომარა ფქვილის ფასი იყო 80 ლარი, დღეს მისი ფასი 45 ლარია, შესაბამისად წისქვილკომბინატები გაჩერებულია, რადგან იმპორტირებულ ფქვილს ვერ უწევენ კონკურენციას.
„ჩვენ თუ გავყიდით 45 თეთრად შეიძლება კონკურენცია გავუწიო, მაგრამ ფერმერი კოტრდება და მიწას კარგავს, თუ შემოიტანს რუსეთიდან ხორბალს, რომელიც ბაჟით არის დაბეგრილი, იმას ვერ გაუწევს კონკურენციას, იმიტომ რომ ფქვილის ნაწილშივე იაფია, ვიდრე ხორბალი, რადგან ხორბალს სჭირდება ტრანსპორტირება, რეალიზაცია და გადარჩევა, ამიტომ აუცილებელია ამ ფქვილის შეზღუდვა, ან სარკისებრი გადასახადის დაწესება, ან პროპორციულად დაბეგვრა, რომ იმპორტიორებს ჰქონდეთ როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის შემოტანის შესაძლებლობა“- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
რაც შეეხება პურის ფასს, ბენიაიძე ამბობს, რომ თუ ერთ ტომარა ფქვილში 80 ლარს იხდიდა საცხობი და პური ღირდა 1,20 ლარი დღეს დღეობით ფქვილი ჩამოსულია 45 ლარი და პური მხოლოდ 7-8%-ით გაიაფდა.
„ამას მეპურეები ხსნიან დენის, წყლის და გაზის გაძვირებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთად გადავრჩეთ მათ მხრიდანაც უნდა იყოს კეთილ ნება. აქ საუბარი მიდის იმაზეც, რომ წისქვილებისგან იმ ფასად აიღონ, რომ შეძლონ კონკურენცია ამ ფქვილთანაც და პური არ გაძვირდეს. სამინისტრო დღეს ამაზე მუშაობს, რომ პური არ გაძვირდეს და ვერც გაძვირდება განახევრებული ფქვილის პირობებში და თუ 5-7 ლარსაც დაამატებენ მოხდება ფერმერის გადარჩენაც და ამუშავდება წისქვილიც. ასევე განიხილება სუბსიდია, რასაც ჩვენ არ ვემხრობით, იმიტომ რომ წისქვილი ვერ ამუშავდება და ეს არის მოკლევადიანი და დარგისთვის არაა სასარგებლო“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.