ალბათ, ფასების სტრუქტურის ანალიზი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო ძლიერი როლი ჰქონდეს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებას - მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სავაჭრო საბაზრო ურთიერთობების

პოლიტიკა შენარჩუნდეს და არ მოხდეს უკურეაქცია. ფასების კონტროლი ბევრჯერ ყოფილა მცდელობის საგანი ბევრ ქვეყანაში და ყოველთვის წარუმატებელი (არ ვგულისხმობ საქართველოს),- ამის შესახებ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პარლამენტში შექმნილ ფასების შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აქცენტი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რომ ქვეყანაში კონკურენტული გარემო და სათამაშო მოედანი არსებობდეს.

„მგონი ბევრ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ. აქცენტი კეთდება კონკურენციის გაზრდაზე. ამ მიმართულებით დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებები არსებობს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრის სტრუქტურას კონკურენციაზე და კომპანიების ფუნქციონირებას კონკურენტულ გარემოში. ფასების სტრუქტურის ანალიზი მნიშვნელოვანია ალბათ იმისთვის, რომ უფრო ძლიერი როლი ჰქონდეს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებას. ეს არის მათი მანდატი.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავისუფალი სავაჭრო საბაზრო ურთიერთობების პოლიტიკა შენარჩუნდეს და არ მოხდეს უკურეაქცია. ფასების კონტროლი ბევრჯერ ყოფილა მცდელობის საგანი, ბევრ ქვეყანაში, არ ვგულისხმობ საქართველოს. ბევრ ქვეყანას ჰქონია ამის მცდელობა და ყოველთვის წარუმატებელი. აქცენტი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რომ კონკურენტული გარემო და სათამაშო მოედანი არსებობდეს“,- განაცხადა ჰაჟდენბერგმა.

მან ასევე, უპასუხა კითხვას, რა გავლენა აქვს კორუფციას ეკონომიკაზე, როდესაც „ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი კორუფციის ბრალდებით არიან დაკავებულები“. მისი თქმით, „ინვესტორთა ნდობისთვის, მათ შორის, სწორი მმართველობა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია“.

„ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ სწორი მმართველობა, კანონის და სამართლის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინვესტორების ნდობისთვის. ამიტომ, სამომავლოდ ამ მიმართულებით, ძლიერი მმართველობა აუცილებლად მნიშვნელოვანია. ასევე, სამართლის უზენაესობა. ეს არის აუცილებელი ინვესტორთა ნდობისთვის. ეს ვნახეთ საქართველოშიც“,- განაცხადა ჰაჟდენბერგმა.

www.interpressnews.ge