უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები შეწყვიტოს, თუ ოკუპანტები საპასუხო ზომებზე დათანხმდებიან.

მისი განმარტებით, უკრაინის წინადადება რუსულ მხარეს ამერიკელების მეშვეობით გადაეცა.

„თუ რუსეთი მზად იქნება, შეაჩეროს თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე, მზად ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ. რუსულ მხარეს ჩვენი ეს წინადადება აქვს - ამერიკელების მეშვეობით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც თავიანთი მეთოდებით - შესაბამისი სანქციებით, ტანკერების შეჩერებით და რუსეთისთვის თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვით - ოკუპანტებზე ზეწოლას აგრძელებენ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს, რასაც რუსები ნავთობით შოულობენ, ომს მოახმარენ.

„ამიტომ, ყველა შეზღუდვა, რასაც მათი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობაზე ვაწესებთ, სწორი საქციელია,“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ირანში ომის გამო, რუსეთს, როგორც ნავთობის ქვეყანას, მეტის შოვნა სურს, მაგრამ უკრაინული დრონები და რაკეტები მის ამის შესაძლებლობას ზღუდავს.

წყარო: ინტერპრესნიუსი