საშუალო ევროპელი მოქალაქე სახელმწიფო გადასახადებში საკუთარი ხელფასის ⅓-ზე მეტს ხარჯავს. ორგანიზაცია Tax Foundation-ის თანახმად, გადასახადების ოდენობა ქვეყნების მიხედვით იცვლება და დასავლეთ ევროპისა და უფრო განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა შედარებით მეტს იხდის ვიდრე სხვა დანარჩენი.
ევროპაში არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლის მოქალაქეები ხელფასის ნახევარზე მეტს ბიუჯეტში იხდიან.
ევროპული ქვეყნები, რომლებშიც სახელმწიფო გადასახადები ყველაზე მაღალია, შემდეგია:
დანია - 55.9%,
ავსტრია - 55%,
პორტუგალია - 53%,
შვეიცარია - 52.3%,
ბელგია - 50%.
ამ ქვეყნების პარალელურად, რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონია ის ქვეყნებია, სადაც სახელმწიფო გადასახადები ერთნაირია და 10%-ს არ აღემატება.
თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაღალი გადასახადები მოქალაქეთა უკმაყოფილებას ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ იწვევს. ამის მაგალითია დანია, სადაც შემოსავლის თითქმის 60% იბეგრება. მეტიც, დანიელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გადასახადები ერთგვარი ინვესტიციაა, რომელსაც საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ერთად ახორციელებენ და ის ცხოვრების გარკვეული, მაღალი ხარისხის მიღწევაში ეხმარებათ.
ავსტრიაში კი, სოციალური დაზღვევის სისტემა, რომელიც ჯანმრთელობის, პენსიის თუ უბედური შემთხვევების დაზღვევას მოიცავს, მოქალაქეთა ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. იგივე დოკუმენტი ფარავს დეკრეტულ შვებულებებსა და უმუშევრობასაც კი. ავსტრიაში ნებისმიერი დასაქმებული ადამიანის დაზღვევა სავალდებულოა, ისევე როგორც ადამიანების, რომლებიც უმუშევართა ბენეფიტებით ან პენსიით სარგებლობენ.
აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად რუმინეთში და ბულგარეთში, სადაც ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ჯერ ისევ განვითარების გზაზე დგას, დაბალი გადასახადები საერთაშორისო ინვესტორთა მიზიდვის ერთ-ერთი ხერხია. ეს არის ქვეყნები, სადაც შრომა უფრო ნაკლებადაა შეფასებული და წარმოების ხარჯებიც, შესაბამისად, ნაკლებია.