სწრაფი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და რესტორნებში პლასტიკური ბოთლებით სასმლის გაყიდვა ფასების მატებას გამოიწვევს,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ერთჯერადი პლასტიკის გამოყენების აკრძალვა ძალაში მომავალი წლიდან შევა. 

,,პირველი ეტაპი, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, გულისხმობს ერთჯერადი პლასტიკის გამოყენების აკრძალვას, იქნება ეს საწრუპები, დანა-ჩანგალი, თეფში და ასე შემდეგ. ეს ეხება მთლიან სფეროს. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობაა. მეორე ეტაპია პლასტმასის ბოთლების ამოღება. ევროპაში უკვე დიდი ხანია, მსგავსი წესებია და საწრუპებიც კი ქაღალდის მასალისგან მზადდება. სიტუაცია პრობლემატური ნამდვილად არ არის. თუმცა, გადაწყობა, სამწუხაროდ, ფასების მცირე მატებას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ მომხმარებლამდე მიდის. მინისა და პლასტმასის ბოთლის ფასები რომ შევადაროთ, სხვაობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, მინის ბოთლი შეიძლება 3 ლარი ღირდეს, პლასტმასის - 80 თეთრი, 1 ლარი",- აღნიშნა ბურჯანაძემ.