ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ფონზე, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეიძლება საერთაშორისო მასშტაბის ისეთი ოპერატორის მოზიდვა იქცეს, რომელიც მხოლოდ ცალკეულ პორტს კი არ მართავს, არამედ შუა დერეფნის სხვადასხვა მონაკვეთზე ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას აკავშირებს.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, ასეთ კომპანიად შესაძლოა არაბთა გაერთიანებული საამიროების გლობალური პორტებისა და ლოგისტიკის ოპერატორი DP World განიხილებოდეს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კომპანიის ჩართულობამ ანაკლიის პორტი შუა დერეფნის ერთიან ლოგისტიკურ ჯაჭვში მნიშვნელოვან რგოლად შეიძლება აქციოს.
ამ ეტაპზე საქართველო DP World-ის ოპერაციული ქვეყნების ჩამონათვალში დამოუკიდებელ ბაზრად არ არის წარმოდგენილი. ამავე დროს, კომპანიის ქსელი მოიცავს შუა დერეფნის რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანას, მათ შორის თურქეთს, რუმინეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და ჩინეთს.
ცენტრის მოსაზრებით, სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მომავალში ანაკლია DP World-ის მიერ სხვადასხვა მიმართულების დამაკავშირებელ ლოგისტიკურ სისტემაში ჩაერთოს.
რატომ არის DP World-ის მოდელი მნიშვნელოვანი
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აღნიშნავენ, რომ DP World მხოლოდ პორტების მართვით არ შემოიფარგლება. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ლოგისტიკის სხვადასხვა რგოლს — ნავსადგურებს, ტერმინალებს, რკინიგზას, საწყობებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.
კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, DP World მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში 60-ზე მეტ ნავსადგურსა და ტერმინალს მართავს. 2025 წელს მის ქსელში დაახლოებით 95 მილიონი TEU დამუშავდა.
ცენტრის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის მხოლოდ ერთი პორტის გამტარუნარიანობა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობდეს დერეფნის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტი — საზღვაო ტერმინალები, რკინიგზა, საბორნე ხაზები, საწყობები და საბოლოო ლოგისტიკური სერვისები.
ამ კონტექსტში ორგანიზაცია DP World-ის ბიზნესმოდელს შუა დერეფნის სპეციფიკასთან განსაკუთრებით თავსებადად მიიჩნევს.
ანაკლიის ახალი მოდელი
DP World-ის შესაძლო ჩართულობის საკითხს ცენტრში საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის განვითარების მოდელის ცვლილებასაც უკავშირებენ.
2026 წლის ივლისში მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის landlord-ის მოდელით განვითარების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში სახელმწიფო ინარჩუნებს ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე მართონ ცალკეული ტერმინალები და განახორციელონ შესაბამისი ინვესტიციები.
ცენტრის შეფასებით, ეს მოდელი საერთაშორისო ოპერატორებისთვის პორტში შესვლის შესაძლებლობას ზრდის და ანაკლიის საერთაშორისო კაპიტალისა და ტვირთების მოზიდვის ცენტრად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
DP World-ის კვალი შუა დერეფანში
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიმოხილვის თანახმად, DP World უკვე წარმოდგენილია შუა დერეფნის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში.
უზბეკეთში კომპანიამ Tashkent Invest-თან პარტნიორობით 288 მილიონი დოლარის ღირებულების მულტიმოდალური ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობის დაწყების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. დაგეგმილი ობიექტი წლიურად 20 მილიონი ტონა ტვირთისა და 150 ათასი TEU კონტეინერის დამუშავებაზე იქნება გათვლილი.
კომპანიის განცხადებით, ტერმინალი ცენტრალურ აზიას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ობიექტს ექნება წვდომა როგორც უზბეკეთის სარკინიგზო ქსელზე, ისე მთავარ საავტომობილო გზებსა და ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტზე.
DP World-ს მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს ყაზახეთშიც. ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე მდებარე Khorgos–East Gate-ის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში კომპანია Khorgos Gateway-ის მშრალი პორტის ლოგისტიკურ ოპერაციებში მონაწილეობს.
Khorgos განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სწორედ ამ რეგიონში ერთდება ჩინეთისა და ყაზახეთის სარკინიგზო სისტემები, რომლებიც განსხვავებულ ლიანდაგის სტანდარტებს იყენებენ. შედეგად, ჩინეთიდან შემოსული ტვირთების ნაწილი ამ კვანძში გადატვირთვას საჭიროებს.
ცენტრის შეფასებით, Khorgos-ის მნიშვნელობა მხოლოდ სარკინიგზო გადატვირთვის ფუნქციით არ შემოიფარგლება და მისი მიზანი უფრო ფართო ევრაზიულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაა, რომელიც ჩინეთს ცენტრალურ აზიასთან, კასპიის რეგიონთან, კავკასიასა და ევროპასთან დააკავშირებს.
ყაზახეთი და აქტაუს გამოცდილება
DP World-ის საქმიანობის კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ყაზახეთში Aktau-ს მიმართულებაა.
კომპანიისა და ყაზახეთის ხელისუფლების თანამშრომლობა Khorgos-ისა და Aktau-ს სპეციალური ეკონომიკური ზონების განვითარების იდეასაც მოიცავდა. კონცეფციის მიხედვით, ეს ორი ობიექტი შუა დერეფნის აღმოსავლეთ და დასავლეთ კარიბჭეებად უნდა დაკავშირებულიყო.
თუმცა, ცენტრი აღნიშნავს, რომ შემდგომ პერიოდში DP World-ის სტატუსი Aktau-ში შეიცვალა და კომპანია ამ ეტაპზე ნავსადგურის აქტიურ ოპერატორად აღარ გვევლინება. მისი მონაწილეობა უფრო საკონტეინერო ჰაბის განვითარებას უკავშირდება.
კვლევის ცენტრისთვის ეს გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა ანაკლიის კონტექსტში: კერძო გლობალური ოპერატორისთვის გრძელვადიანი იჯარით პორტის ტერმინალთან ერთად დაკავშირებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მხოლოდ პორტის ოპერირებისგან.
აზერბაიჯანი — თანამშრომლობა ოპერირების გარეშე
DP World შუა დერეფნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, აზერბაიჯანში, აქტიურ თანამშრომლობას ახორციელებს, თუმცა ის ამჟამად ალიათის ნავსადგურის ოპერატორი არ არის. პორტს სახელმწიფო კომპანია Port of Baku მართავს.
DP World-ის თანამშრომლობა აზერბაიჯანულ მხარესთან თავდაპირველად Alat Free Trade Zone-ის მიმართულებით საკონსულტაციო საქმიანობას მოიცავდა. მოგვიანებით დღის წესრიგში დადგა შუა დერეფნის გაციფრულება, ლოგისტიკური პროცესების განვითარება, block train-ების გამოყენება და საინვესტიციო პროექტები.
ცენტრის შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ აზერბაიჯანში DP World-ის როლი შესაძლოა მომავალში კიდევ გაფართოვდეს, თუმცა მისი პორტის ოპერატორად ყოფნა ამ ეტაპზე არ დასტურდება.
თურქეთი და რუმინეთი — DP World-ის ყველაზე ძლიერი დასავლური პოზიციები
შუა დერეფნის დასავლეთ ნაწილში DP World-ს უფრო პირდაპირი ინფრასტრუქტურული კონტროლი აქვს.
თურქეთში კომპანია Yarımca-ს საკონტეინერო ტერმინალს მართავს. ტერმინალის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თურქეთის სარკინიგზო ქსელთან პირდაპირი კავშირია, რაც ბლოკ-მატარებლებით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას ქმნის.
დერეფნის მეორე მნიშვნელოვან დასავლურ კვანძს რუმინეთის კონსტანცის ნავსადგური წარმოადგენს. აქ DP World გრძელვადიანი კონცესიით Constanta South Container Terminal-ს მართავს.
კონცესიის ვადა 2049 წლამდეა გაგრძელებული. ტერმინალის საპროექტო შესაძლებლობა დაახლოებით 1 მილიონი ტონა ტვირთია, ხოლო ნავსადგურის შესაბამისი ინფრასტრუქტურა 14.5 მეტრის დაღრმავებას ითვალისწინებს.
კომპანიამ კონსტანცის ტერმინალში დაახლოებით 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. 2026 წელს DP World-მა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დამატებით 25 მილიონი ევროს მწვანე სესხის შეთანხმებაც გააფორმა.
კონსტანცაში კომპანიის საქმიანობა მხოლოდ საკონტეინერო ტერმინალით არ შემოიფარგლება. DP World მართავს Ro-Ro ტერმინალსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც, მათ შორის სამ 600-მეტრიან მისასვლელ ლიანდაგს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მატარებლის მომსახურება შეუძლია.
რას ნიშნავს ეს ანაკლიისთვის
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ DP World-ის მაგალითი საქართველოსთვის საინტერესოა არა იმდენად იმის გამო, რომ კომპანია აუცილებლად უნდა გახდეს ანაკლიის პორტის ოპერატორი, არამედ იმის გამო, რომ მისი ბიზნესმოდელი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ინფრასტრუქტურა ერთიან ლოგისტიკურ ქსელში გაერთიანდეს.
დღეს DP World-ს შუა დერეფნის მთელ სიგრძეზე უწყვეტი აქტივების ჯაჭვი არ გააჩნია. თუმცა კომპანია უკვე ოპერირებს ან მონაწილეობს რამდენიმე მნიშვნელოვან აღმოსავლეთ და დასავლეთ კვანძში და თანდათან აფართოებს საქმიანობის გეოგრაფიას.
ამ ფონზე ცენტრში სვამენ კითხვას: ანაკლიის პორტის ოპერატორის შერჩევისას, ხომ არ უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არა მხოლოდ კონკრეტული ნავსადგურის ეფექტიანად მართვის გამოცდილება, არამედ შუა დერეფნის სხვადასხვა მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის დაკავშირებისა და ერთიანი ლოგისტიკური მომსახურების ორგანიზების შესაძლებლობა?
ორგანიზაციის შეფასებით, თუ DP World-ის ქსელი მომავალში კიდევ გაფართოვდა, ანაკლია შესაძლოა იმ ინფრასტრუქტურულ რგოლად იქცეს, რომელიც კომპანიას შუა დერეფნის აღმოსავლეთ და დასავლეთ აქტივებს შორის არსებული ლოგისტიკური ჯაჭვის შევსებაში დაეხმარება.
ამ ეტაპზე DP World-ის ანაკლიის პორტში შემოსვლა ჰიპოთეტურ შესაძლებლობად რჩება. თუმცა, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მოსაზრებით, კომპანიის არსებული პოზიციები ჩინეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუმინეთში ამ სცენარის განხილვას საქართველოსთვის სტრატეგიულად საინტერესო საკითხად აქცევს.