სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 40 მლნ დოლარიანი პროგრამის დამტკიცება გადადო. უკავშირდება ეს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ თემაზე „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
„საკმაოდ მოსალოდნელი შედეგი დადგა ჩემი აზრით, იმიტომ რომ IMF საკმაოდ ჩართული იყო ეროვნული ბანკის ისტორიაში, ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა და წინააღმდეგობას უწევდა იმ ცვლილებებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ეროვნული ბანკის კანონში, რომელიც არ იყო სწორი და პრეზიდენტმაც სრულად ლოგიკურად და მოსალოდნელად დაადო ვეტო. ამიტომ ეს შეჩერება სავსებით მოსალოდნელია მათი მხრიდან და იმაზე მიუთითებს, რომ ეს დაპირისპირება ეროვნულ ბანკში კიდევ გრძელდება, ჯერ პრეზიდენტი არჩეული არ არის, კანონზე მუშაობაც დასრულებული არაა, პროცესი როგორც ჩანს მიმდინარეობს,“- აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, რისკები ახლო პერიოდში მოსალოდნელი არაა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მას შემდეგ რაც რეგიონში მიმდინარე ომი დასრულდება და ქვეყნის ბიუჯეტზე ეს ფაქტორი არ იმოქმედებს, ქვეყანა სულ სხვა ეკონომიკურ რეალობაში აღმოჩნდეს და IMF-ის დახმარების საჭიროებაც დადგეს.
„რისკები გაჩნდება თუ არა ამაზე რთულია მსჯელობა. თავისთავად ეს შეჩერება პრობლემას ახლა არ შეგვიქმნის. ეს გაფრთხილებას უფრო გაქვს, რომ მომავალში შეიძლება ან შევწყვიტოთ, ან მკაცრ ზომებზე გადავიდეთო.
IMF სჭირდება ცუდ მთავრობებს, ის არის ცუდი მთავრობების დამზღვევი ინსტიტუტი, კარგმა მთავრობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ გაუჩნდება საბიუჯეტო დეფიციტი და ა.შ. ვინაიდან ჩვენ ჩვენს მთავრობას არ ვენდობით და თვითონ მთავრობაც არ ენდობა თავის თავს, იმიტომაც თანამშრომლობს IMF-თან, სხვა შემთხვევაში არ დასჭირდებოდა.
გრძელვადიან პერიოდში რაღაც რისკებს აჩენს, ახლა არ სჭირდება IMF-ის დახმარება, ბიუჯეტში პრობლემები არ იკვეთება. რატომ არ იკვეთება ესეც საკითხავია, რუსეთიდან შემოდინებების და რუსეთ-უკრაინის ომის ბრალია და ეს ფაქტორი რომ ამოიწუროს, საერთოდ სულ სხვა ეკონომიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით.
ახლა არა მგონია ახლა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს, კულუარული დაპირისპირების გარე გამოვლინებას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი. გრძელვადიანად კი, როდესაც ასეთი მარტივი ფული შემოდის ეკონომიკაში, მთავრობებმა იციან ამაზე დამოკიდებულება „ნარკოტიკზე შეჯდომასავით“ და ბევრ შეცდომებს უშვებენ. შემდეგ ეს წყარო რომ გაქრება, აღმოვაჩენთ რეალურ მდგომარეობას. წლებია საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმა არ ჩატარებულა და სავსებით შესაძლებელია მომავალში სერიოზული პრობლემა შეექმნას ბიუჯეტს და დღეს ასეთი გათამამებული მთავრობამ, რომელსაც ჰქონია რომ მისი დამსახურებაა ეს მილიარდები რომელიც რუსეთიდან შემოდის და გათამამებულმა გააგდოს IMF, მერე შეიძლება ინანოს და პრობლემები შეექმნას და ლოგიკურიც იქნება,“- განაცხადა რაქვიაშვილმა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ოცნებამ ამ ეტაპზე ვერ მიაღწია მიზანს, რაც ეროვნული ბანკის სრულ კონტროლს გულისხმობს, ამასთან წლის ბოლოს სების საბჭოს კიდევ 2 წევრს უმთავრდება უფლებამოსილების ვადა, რაც კვლავ ცვლილებებს გამოიწვევს. რაქვიაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაკლები შანსია ამ თემაზე მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე კომპრომისს მიაღწიოს.
„ეს პროცესი არ დასრულებულა და არ შეიძლება ითქვას, რომ ოცნებამ თავისი გაიტანა, ჩვენი მოქმედი ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ გახდა, ეს იყო მიზანი,“- აღნიშნა დეპუტატმა.