„ქართული ოცნება“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს ამკაცრებს. აღნიშნულ კანონში იგეგმება ცვლილებები, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად - 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
ბოლო დღეების კორუფციულ სკანდალებსა და კორუფციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ალავიძემ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ეს ინიციატივა ყველა მოქალაქის დაცინვაა, რადგან ყველამ კარგად იცის, როგორ მუშაობს ამჟამად დეკლარაციის სისტემა.
„ეს განცხადება კიდევ ერთი დაცინვაა მოქალაქეებისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს ახლა დეკლარაციების სისტემა. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში უნდა იყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო. ეს ვითომ ანტიკორუფციული ბიურო კი დასდევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა არსებობა არის კრიტიკულად აუცილებელი, იმიტომ, რომ ისინი არიან მაკონტროლებლები.
ამიტომ, ეს არის შეურაცხყოფა ნებისმიერი ჯანსაღი გონების მქონე ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა,“ - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.