საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგულირების წესი განაახლა. შესაბამისი ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 26 აგვისტოს გამოსცა.
ცვლილებებით VASP-ებისთვის განისაზღვრა რისკების მართვის ახალი ჩარჩო, კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური სისტემების მოთხოვნები და მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი.
კაპიტალის მინიმალური ოდენობა მომსახურების ტიპის მიხედვით 150 000-დან 350 000 ლარამდე იქნება. სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირებისთვის მოთხოვნა 350 000 ლარს შეადგენს, ვირტუალური აქტივების ურთიერთგაცვლის ან გადაცემის მომსახურებისთვის კი 150 000 ლარს.
ახალი წესით, პროვაიდერებს ასევე ევალებათ კიბერუსაფრთხოების რისკების მართვა, სისტემების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სარეზერვო ასლების შექმნა და პერიოდული შეღწევადობის ტესტირების ჩატარება.
უკვე რეგისტრირებულ VASP-ებს ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გარდამავალი ვადები ექნებათ: რისკების მართვის ჩარჩოსთვის — 2027 წლის 1 ივლისამდე, ხოლო კაპიტალის მოთხოვნებისთვის 2027 წლის 1 სექტემბრამდე.