"ეროვნული ბანკი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების და არა ევროპული ბიუროკრატიის ინტერესების შესაბამისად", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ იყო ზეწოლა სხვადასხვა ინსტიტუტთან მიმართებით და მაგალითად, ეროვნული ბანკი მოიყვანა.

"მაგალითად, ეროვნული ბანკის შემთხვევა მინდა გავიხსენო, როდესაც მათ შორის, ევროპული ბიუროკრატია ითხოვდა პარლამენტისგან, რომ არ დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკის საბჭო. როგორ შეიძლება, ასეთი მოთხოვნით გამოხვიდე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ არ გავითვალისწინეთ ევროპული ბიუროკრატიის ეს მოთხოვნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველად ისტორიაში 6 მლრდ დოლარს გადასცდა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ლარის კურსი გამყარდა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატიისთვის, მაშინ მართლაც ახდებოდა ის პროგნოზები, რომლებსაც ე.წ. ექსპერტები აკეთებდნენ მათივე დაკვეთით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ დროს ბოლომდე უნდა დავიცვათ ხოლმე ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ეს გავაკეთეთ და ეროვნული ბანკი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად საბედნიეროდ და არა არაფორმალური ძალების და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესების შესაბამისად. ეს ეხება უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და ეს აუცილებელია ამ გამოწვევებით სავსე ვითარებაში. ვგულისხმობ რეგიონულ კონტექსტს და მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვა და ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ იმ მდგომარეობით, იმ ვითარებით, რომელიც სახელმწიფო სისტემაში დღეს არის ჩამოყალიბებული,“- განაცხადა პრემიერმა