სექტემბერში ჰიდროგენერაცია წლიურად 8.3%-ით გაიზარდა და 0.9 ტვტ.სთ შეადგინა. ჩვენი აზრით, ენგურს აქვს ტექნიკური შეზღუდვები ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან მოყოლებული, რამაც გამოიწვია ენგურ-ვარდნილის გენერაციის წლიურად 26.7%-იანი კლება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის საქართველოს ენერგეტიკის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ეს კლება სხვა ჰიდროსადგურების ზრდამ (+36.5% წ/წ) დააკომპენსირა, რაც გამორჩეულად გაზრდილ ჰიდროლოგიას უკავშირდება.

„2026 წლის სექტემბერში ჯამური მიწოდების 77.5% განახლებადი ენერგიის რესურსით დაკმაყოფილდა, 21.8% თბოგენერაციით, ხოლო 0.6% იმპორტით.

ქარისა და მზის სადგურების გამომუშავება წლიურად 51.3%-ით გაიზარდა და ჯამური მიწოდების 1.1% შეადგინა. გენერაციის ზრდა გამოწვეული იყო ახალი სიმძლავრეების მშენებლობით (10.75 მგვტ მზე და 18.8 მგვტ ქარი). აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს საცდელ რეჟიმში ამოქმედდა 206 მგვტ სიმძლავრის რუისის ქარის სადგური.

თბოგენერაცია წლიურად 15.4%-ით შემცირდა და ჯამური მიწოდების 21.8% შეადგინა (vs 26.1% სექ-26). სექტემბერში ყველა თბოსადგური ოპერირებდა. თბოსადგურებს შორის ყველაზე მაღალი წილი მიწოდებაში გარდაბნის თბოსადგურ 1-ს ჰქონდა, რომლის გენერაციის ტარიფი კვტ.სთ-ზე 11.7 თეთრი შეადგინა (4.5 აშშ ცენტი)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.